ლაშა თორდია - იმედი მაქვს, ახალი მთავარი პროკურორი დაინტერესდება ამ საქმით

თუ ოთარ ფარცხალაძის დანაშაულს არ გამოიძიებენ, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავ, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ლაშა თორდია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მთავარი პროკურორი დაინტერესდება ამ საქმით.

როგორც ლაშა თორდიამ აღნიშნა, მისი უმთავრესი ამოცანაა, ერთი წლის წინ დაწყებული საქმის გამოძიება ბოლომდე მივიდეს.

„თავიდანვე იგივე პოზიცია უნდა ჰქონოდა პროკურატურასაც, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინ სახელმწიფო მოხელეს ფიზიკურად გამისწორდნენ და ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ თბილისის მერიისა და ოთარ ფარცხალაძის გარიგების შესახებ აუდიტორებმა მოკვლევა დავიწყეთ. რამდენჯერმე პროკურატურას ვთხოვე, გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოეწოდებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ვიღებ პასუხს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამ საქმესთან დაკავშირებით ზუსტად ასევე პასუხობენ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე "ელ ცენტროში" თავს დამესხა და ამ დრომდე პროკურატურამ დაზარალებულადაც კი არ მცნო“, -განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, გამოძიება გაჭიანურდა და ამას ოთარ ფარცხალაძის გავლენებს უკავშირებს.

„ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, დღესაც აქვს პროკურატურაში გავლენა. ახლა უკვე ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე ფარცხალაძის კადრი იყო და სიმართლე გითხრათ, არც მქონდა ილუზია, რომ შოთაძე ყოფილი ხელმძღვანელის დანაშაულებრივ საქმიანობას გამოიძიებდა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ და ყველა შეკითხვას უპასუხოდ არ დატოვებდნენ. ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ლაშა თორდიას არ ეხება. ირაკლი ფარცხალაძემ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაყენა შეურაცხყოფა და ფიზიკურად გაუსწორდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ მაშინ თბილისის მერიის საქმიანობა და ოთარ ფარცხალაძისთვის სახელმწიფო ქონების მესამედ ფასად გადაცემა გამოვიკვლიეთ.

პროკურატურა არც ჩვენი გაგზავნილი დოკუმენტებით დაინტერესებულა. აუდიტორების ჯგუფის გამოკვლეულ მასალებში სწორედ სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთებოდა, მაგრამ ეს საქმეც დღემდე თაროზეა შემოდებული. ანუ მთელი სახელმწიფო მანქანა - როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე პროკურატურა, ოთარ ფარცხალაძის დანაშაულს გადაეფარა და ჩემს წინააღმდეგ ამუშავდა, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პასუხისგებაში მიეცათ. იმედი მაქვს, ახალი მთავარი პროკურორი დაინტერესდება ამ საქმეებით. ცოტა ხანს კიდევ დაველოდები გამოძიების შედეგებს და თუ პასუხი ისევ ვერ მივიღე, დახმარების თხოვნით აუცილებლად მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს საქმე ასე არ დასრულდება, ფარცხალაძეს აუცილებლად მოუწევს ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხისგება, ამის პირობას ვაძლევ! ბევრი გახმაურებული საქმე შემოუდვია თაროზე პროკურატურას, მაგრამ ყოველთვის დგება ეტაპი, როდესაც ასეთი მასალები ისევ აქტუალური ხდება. სანამ ეს დრო დადგება, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ფარცხალაძის მსგავსი დამნაშავეების მფარველობით ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის, მალავს დანაშაულს, რომელიც კონკრეტულად ერთი პირის მიმართ კი არა, აუდიტის სამსახურის მიმართ იყო ჩადენილი, რომელიც მხოლოდ კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებდა“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა