არასამთავროების ანგარიში - ორ ღამის კლუბში სპეცრაზმის გამოჩენამ ადამიანებში შიშის და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება გააჩინა

12 მაისს საპოლიციო ღონისძიების ჩატარების დროს, თანადროულად თბილისის ორ ღამის კლუბში დიდი რაოდენობით პოლიციის, მათ შორის შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშისა და დაუცველობის შეგრძნება და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება გააჩინა,- ნათქვამია ანგარიშში, რომელიც დღეს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2018 წლის 12 მაისს, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციასა და მასთან კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივად მოამზადა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რის აღმოსაჩენად მიეცა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება და გაურკვეველია ოპერაციის მიზანიც.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განმარტებით, ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ვერსია, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რით შეიძლებოდა ყოფილიყო გამართლებული სამინისტროს მხრიდან ღამის კლუბებში ამ მასშტაბისა და მოცულობის ოპერაციის ჩატარება, თუმცა არც ერთი განხილული ვერსია არ შეიძლება ყოფილიყო შს სამინისტროს მხრიდან სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებული.

“პრინციპში ყველა ვერსია მოკლებულია არგუმენტაციას, ძალიან საინტერესოა ამ კონტექსტში სასამართლოს განჩინება, რომელიც 10 მაისს არის გაცემული. ძალიან საინტერესოა პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ ღამის კლუბში, შესაბამისად, აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიცია მოუწოდებდა, რომ თუკი ვინმეს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, დაეყარათ და გამოსულიყვნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული პირები, ვისზეც საუბარია, რეალიზატორებზე, დაკავებულები არიან კლუბის გარეთ, ისინი არ არიან დაკავებულები უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე და ამ კონტექსტში დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რას უკავშირდებოდა ამ ღონისიების უშუალოდ კლუბში ჩატარება; მეორე ნაწილი უკვე ინაცვლებს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქ ჩვენ ვსაუბრობთ პროტესტსა და პროტესტთან მიმართებაში სამინისტროს მოქმედებაზე: ის, რომ მომიტინგეები პოლიციის მხრიდან ამ შემთხვევაში ორ ნაწილად იყო გაყოფილი; ის, რომ დაკავებას ხშირ შემთხვევაში პოლიცია ახდენდა უმეტესად პრაქტიკულად უაპელაციოდ და ამას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდებოდა სასამართლოში, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლოში ყველა საქმის განხილვა დასრულებული არ არის, თუმცა ის საქმეები, რომლებზეც ჩვენ წარმოვადგენდით დაკავებულებს, უმეტესწილად შაბლონურია, ერთი და იგივე ტიპისაა, ისევ იკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრობლემურობა; სასამართლო ძირითად ყურადღებას ისევ პოლიციელების ჩვენებებსა და ოქმზე ამახვილებს და სამართლებრივად იმის განხილვაში არ შედის, თუ რა გამოიხატა პოლიციელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს კვლევაც ძირითადად ადასტურებს იმას, რომ სამართალდარღვევათა კოდექსი მთელი თავისი სისტემიდან გამომდინარე ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს”- განმარტა სულხან სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ კლუბში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამართულ სპონტანურ აქციაზე, მონაწილეების მიმართ პოლიცია აგრესიით გამოირჩეოდა.

როგორც ანგარიშშია მითითებული აქციაზე დაკავებულთა ნაწილი “პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა. კერძოდ, ადმინისტრაციული დაკავების ოქმები 5 პირის ფიზიკურ დაზიანებებზე მოუთითებს”.

არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათ შორის, ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს შორის რამდენიმე მათგანი შემდეგი შინაარსისაა: “პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება 12 მაისს კლუბ “ბასიანის” შიდა პერიმეტრზე განხორციელებული უკანონო პირადი ჩხრეკების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე შესაძლო უკანონო დაკავებისა და ძალის გადამეტების შემთხვევებზე; შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს კლუბ “ბასიანთან” მიმდინარე სპონტანური აქციის დაშლის ეპიზოდი; საქართველოს პარლამენტმა გაატაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროს ფუნდამენტური რეფორმა და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების დაცვა სასამართლოში”-ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა