გიორგი გაბოძე - მქონდა ინფორმაცია, რომ მ.კ-ს ტანსაცმელი გადაყრილი იყო, თუ გადაყრილი არ იქნებოდა, უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა და მისი ამოღება

მე მქონდა ინფორმაცია, რომ მ.კ-ს ტანსაცმელი გადაყრილი იყო. თუ არ იქნებოდა გადაყრილი, უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა და ეს ტანსაცმელი უნდა ამოღებულიყო, - ამის შესახებ თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი გაბოძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა იცოდა თუ არა იმ ფაქტის შესახებ, რომ მ.კ.-ს სისხლიანი ტანსაცმელი ინახებოდა სახლში და რატომ არ მოხდა მისი ამოღება.

„3 დეკემბერს, მ.კ თავისივე ჩვენებაში ეუბნება გამომძიებელს, რომ მაისური, რომელიც მას ეცვა იყო სისხლიანი, გამოიცვალა მეზობელთან ყოფნისას და მეზობელმა ეს მაისური მისცა მ.კ-ს ძმას, ლუკა კალანდიას. 3 დეკემბერს, ასევე იკითხება ლუკა კალანდია, რომელსაც არაფერს ეკითხებიან ამ ტანსაცმელზე თუ სად წაიღო მან მ.კ-ს ტანსაცმელი. არც ერთ ოფიციალურ ჩვენებაში არ ფიქსირდება, რომ მან ტანსაცმელი გადაყარა. 22 დეკემბერს, ლუკა კალანდიას განმეორებითი დაკითხვის შემდეგ ის უკვე გამომძიებელს ეუბნება, რომ სისხლიანი მაისური გაირეცხა სახლში და დღესაც ჩვენს სახლში ინახებაო. ანუ 3 დეკემბერს გამომძიებელმა იცის და მას შეულია ამოიღოს ტანსაცმელი, თუმცა ამას არ აკეთებს. დამეთანხმებით, რომ არასწორად თქვა გამომძიებელმა, როდესაც გითხრათ, რომ ეს ტანსაცმელი გადაყრილია და ვერ აღმოვაჩინეთო?“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გიორგი გაბოძის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მ.კ-ს ტანსაცმელი გადაყრილი იყო და აღნიშნული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა პროკურორის ან ერთ -ერთი ხელმძღვანელი პოლიციელის მიერ. თუმცა აღნიშნა, რომ ჩხრეკა აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო და მან ეს რეკომენდაცია გასცა.

„ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ჩატარებულიყო ყველა ობიექტის ჩხრეკა, ვინც მონაწილეობდა ინციდენტში, მათ შორის ნათესავების და მეზობლების. თუ რაღაცნაირად ამის სტანდარტი იქნებოდა, რომ იქ გადამალეს მტკიცებულებები.

თუმცა რა ტიპის მოქმედებები ჩატარდა, ეს უკვე განსაზღვრული იყო პროკურორის და გამომძიებლის მიერ. ეს იყო გამომძიებლის შესაფასებელი“, - განაცხადა გიორგი გაბოძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა