თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებს, რომ აბსურდია ექსპერტის განცხადება იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საექსპერტო დასკვნის დადება პროკურორმა შეაჩერებინა.
ასე უპასუხა შაყულაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ შეაჩერებინა პროკურორმა ტრასოლოგიური ექსპერტიზის შემდგენ ექსპერტს დასკვნის დაწერა.
“ჩემი აზრით, ეს არის სრული აბსურდი. ამ თემით მე დავინტერესდი და დავურეკე პროკურორს, რომელზეც საუბრობდა. იმ საუბარს ესწრებოდა ორი პროკურორი და სამი ექსპერტი. თუ გამოკითხავთ იმ ხალხს, დაგიდასტურებენ ამ ინფორმაციას. გაჩერება-არგაჩერება ფიზიკურად ვერ მოხდება, რადგან როცა ექსპერტი წერს დასკვნას, მას ხელი უნდა მოუწეროს ხელმძღვანელმა, მათაც აქვთ იერარქიული კიბე. გამოუშვი-არ გამოუშვა დასკვნა, ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. ამ ადამიანს ან ეგონა, რომ რაღაც სხვაზე დაუსვეს კითხვა, ან შეცდომაშია შეყვანილი, ან რაღაც მოეჩვენა“, - განაცხადა შაყულაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა თქვა, რომ მას დასკვნის დადება პროკურატურამ შეაჩერებინა.