ტაქსის 1-წლიანი ნებართვის აღება შიდაწვისძრავიანი მანქანებისთვის 100 ლარი, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარი ეღირება, ელექტრომობილებისთვის კი უფასო იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულოს მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული ტაქსების რეგისტრაციის წესი გადაეგზავნა, რომლის მიხედვით, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტაქსის ნებართვის არქონის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

"ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულადვე გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს შეუძლიათ იგივე ნებართვის მისაღებად მიმართონ გამგეობებს და ადგილზე მიიღონ ეს მომსახურება.

ნებართვის 1 წლით აღების საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა. ამ მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი სხვა გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს.

ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს.

საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყება მომავალი წლის 1-ელი ოქტომბრიდან და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს - ფერს, გარდა ამისა, განისაზღვრება დამატებითი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსების მიმართ.

რა თქმა უნდა, წინასწარ იქნება გაჟღერებული როგორი ფერი უნდა იყოს ტაქსი და წინასწარ ეცოდინება ყველას, ვისაც ამ მიმართულებით ინტერესი აქვს," - განაცხადა კალაძემ.