ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად და იმის კომპენსაციად, რომ გაგვეტარებინა საკუთარ ნაკვეთზე

„საქართველოს მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად, და იმის კომპენსაციად, რომ გაგვეტარებინა საკუთარ ნაკვეთზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ექსპრემიერმა ვრცლად მიმოიხილა ხეების გადატანის პროცესი და აღნიშნა, რომ პლუსის მეტი პროცესს არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ იხარჯება ბევრი ფული, თუმცა ეს ფული არ იხარჯება საქართველოს ბიუჯეტიდან, არამედ ეს მისი პირადი სახსრებია.

„ხეების გადატანა ყველაზე დიდი ბრალდებაა ჩემ მიმართ და შეიძლება საზოგადოებასაც ყველაზე ახლოს მოეჩვენოს ლეგიტიმურობასთან, რომ ლეგიტიმურია ბრალდება - რა უბედურება სჭირს ამ კაცსო, როგორც აფორმებს ამას „რუსთავი 2“ და ოპოზიცია, გადათხარა მთელი აჭარა და სამეგრელოო. სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა კიდევ შემოსატანი, რამდენიმე, 140-ზე შეიძლება ავიდეს.

ეს პროცესი რომ კარგად გავარჩიოთ, ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვურთეთ, დიდი საცობები კეთდება, რომ გადაითხარა და დაინგრა, ეკოლოგია აღარ აღდგება, რომ აღშფოთებს მწვანეებს, თითქოს გავანადგურე მწვანე ბუნება, ეკოლოგია და ასე შემდეგ. რეალურად, თუ გავაანალიზებთ, შემიძლია, ცალკე გადაცემა მივუძღვნა, შევხვდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თუ გნებავთ ოპოზიციასაც საჯაროდ. პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება. ნაწილი მაინც რომ სახელმწიფოსი იყოს, ან მხოლოდ პირადსაც რომ ვხარჯავ, შეიძლება ვიღაცამ კითხვა დასვას, რომ ეს „ჩიტი ბრდღვნად არ ღირს“. ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს ვიხმაროთ და თუ არ ღირს და მაინც აკეთებს, ესე იგი რაღაც სიტყვა „ახირებასაც“ ვიხმარ, შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება - ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ბევრი პირადი ფული იხარჯება იმიტომ, რომ მთლიანად საზოგადოებაში და საქართველოში რჩება.

საქართველოს მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად, და კომპენსაციად იმისთვის, რომ გაგვეტარებინა საკუთარ ნაკვეთზე. გაგაცინებთ ახლა - ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ზღვიდან მოშორებით ნაკვეთის ღირებულება თუ არის ვთქვათ, კვადრატული მეტრი 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ თანხას. ერთი საათით გადავივლი და ეს ნაკვეთი ისევ რჩება. ზოგჯერ მეტსაც ვიხდი. ისეთი მოთხოვნადია. ეს ფული მთლიანად მოსახლეობაში რჩება”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა მოსახლეობისა, რკინიგზასაც აქვს მიღებული ფული იმაში, რომ გარკვეული დროის განმავლობაში იმ გზაზე მანქანას გაევლო, თუმცა ამით მატარებლის მოძრაობა არ შეფერხებულა. „რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გარკვეულ დროს გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, არც ერთი წუთით, რომ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულიყო, რასაც ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, ამ პროცესში ძალიან დიდი სამი ბორანი შემოვიდა საქართველოში, რომელიც დარჩება და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული როლი ითამაშოს. ასევე, სპეციალური მანქანა, რომელიც მილიონ ორასი ათასი ღირს, საქართველოში დარჩება. შეიძლება, ასეთი მძიმე ტვირთები გადაიტანოს. მთლიანად ბიუჯეტში მგონი 14 მილიონი ლარი შევიდა ამ პროცესიდან.

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მინუსს. ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დავასახელოთ არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია. მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს, მარტო ჩოლოქზე გავიდნენ. ყველაზე ცუდი ადგილი აჭარა-გურიის საზღვარზე რაც იყო, დაჭაობებული და ძველი ტიპის კანალიზაციის ბუნკერები იდგა, ბეტონის, „ციცინათელას“ ადგილზე და იმის საპირისპირო მხარეს ათასობით ევკალიპტი იყო, ყველაზე ცუდ ადგილზე ყველაზე საინტერესო პარკი გაკეთდა, რომელზეც არავინ საუბრობს.

„ეს პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვს. საკუთარი იყო ჩემი მიწები, როდესაც „ციცინათელას“ ვაშენებდი, ის მიწები მე შევისყიდე, ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი სახელმწიფოსგან, შევისყიდე, ავაშენე „ციცინათელა“ და სახელმწიფოს თავის მიწებიანად ვაჩუქე”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ის ხშირად, როდესაც სახელმწიფოსგან ყიდულობს მიწას, იქ აკეთებს გარკვეულ ინფრასტრუქტურას და შემდეგ მიწასთან ერთად უბრუნებს სახელმწიფოს. „ასევე, იყო თუ გნებავთ დიდველზე, ბაკურიანში რომ შევისყიდე მიწები და სახელმწიფოს დავუბრუნე თავისი აშენებული საბაგიროთი, ასევე მოხდა საკონცერტოზეც და კიდევ არის შემთხვევები, რომ ვყიდულობ მიწებს, რაღაცას ვაკეთებ და თავის მიწებიანად სახელმწიფოს ვჩუქნი.

დღესაც ამ პარკზე რომ გადაიჭრეს ვენები, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვსო, მეც ვთქვი და ჩემმა თანაგუნდელებმაც, ვინც ამაში მონაწილეობს, მხედველობაში მაქვს „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი. იციან, მაგრამ აბა ამას ვინ ამბობს?! საკუთარ სახლში მიათრევსო და უხეშ სიტყვებს ხმარობენ. ძალიან საინტერესო პარკი შენდება საქართველოში. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ეს პარკი იმ ფულად ალბათ არ ღირდა, მაგრამ ეს ფული ისევ საქართველოში დარჩა ტექნიკის სახით, ან პირდაპირ გადასახადების სახით”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სულ 120 ხეზეა საუბარი... მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო კომპენსაციად - ივანიშვილი ხეების გადარგვაზე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს