პოლიციელს, რომელმაც ფოთში, ჩასარიცხი აპარატის ქურდობისას პირს ცეცხლი გაუხსნა, პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გუშინ ჩატარდა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, რომ მიემართათ სასამართლოსთვის აღნიშნული შუამდგოლობით.

“მოცემულ ეტაპზე არსებობდა ის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს წარდგენოდა ბრალი 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით. საქმეში არსებული მტკიცებულებებები იძლევა იმის საფუძველს, რომ ბრალდების მხარეს მიემართა სასამართლოსთვის, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება მტკიცებულებას, მათი გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. შემიძლია გითხრათ, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად, რომ ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი დანაშაული. არაერთი მოწმის ჩვენება არის საქმეში, ამოღებულია სხვა ნივთმტკიცებაც“, - განმარტა დავით პაპავამ.

რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, იოსებ ჯანაშიას, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა გამბედავი.

„პროცესზე არ განუხილავთ არანაირი მტკიცებულება. მოხდა ისე, რომ სასამართლომ ერთგვარი გაუბედავი როლი ითამაშა. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად უარგუმენტო თემები იქნა მოყვანილი. იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ბრალდებული არის აფხაზეთიდან დევნილი და ის შეიძლება მიიმალოს, თუმცა სასმართლომ თავის განმარტებაში გაამახვილა ყურადღება, მომეტებულ საზოგადოებრივ ინტერესზე. თემა გამართლდა იმით, რომ თუ არის პირი გარდაცვლილი და ის არის პოლიციელის ხელით გარდაცვლილი, არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები საზოგადოების მხრიდან. პირი აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მოთავსებული წინასწარ პატიმრობაში“, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მას ტვინის შერყევა აქვს და მისი გადაადგილება არ არის რეკომენდებული.

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალი 116 -ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულის გამო პროკურატურამ პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა