ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში ევროპელ ადვოკატებთან შესახვედრად გაემგზავრებიან

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს, სტრასბურგში, ევროპელ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან შესახვედრად მიემგზავრებიან, რათა მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები გააცნონ.

როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, მას შემდეგ, რაც ისინი უფლებადამცველებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადვოკატებთან გაცნობით შეხვედრებს გამართავენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს შესატანად მომზადებას დაიწყებენ, რა პროცესშიც როგორც ქართველი, ისე ევროპელი იურისტები ჩაერთვებიან.

დღესვე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე შსს-სა და სუს-ისთვის წერილობით მიმართვას გეგმავს, რადგან მათ ეჭვი აქვთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს შესაძლოა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.

ზაზა სარალიძის თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რა ხდება საქართველოს ძალოვან უწყებებში და როგორ მოხდა მისი შვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების “შეკერვა.” მისივე განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველოში ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას ვერ მიაღწია.

“წესით არც მე და არც მალხაზ მაჩალიკაშვილს არ უნდა გვიწევდეს საზღვრის გარეთ გასვლა, მაგრამ ფაქტია, დავდექით იმის წინაშე, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ევროპის სასამართლოს დახმარებისთვის, რომ როგორმე მაინც დავადგინოთ ჩვენს შვილებთან დაკავშირებული უმსგავსო გამოძიება, რასაც პროკურატურა აწარმოებდა. დღესაც ცდილობენ არამარტო მოქმედი, არამედ გადამდგარი და დაწინაურებული პროკურორებიც, ჩემი შვილის საქმის შეკერვას. პირდაპირ მკვლელებს არ ეხებიან და გამოძიება ირიბად მიყავთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ვერ ვპოულობ სამართალს, მიწევს დახმარებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.