საგამოძიებო სამსახური - ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობამ ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა ჩვენი ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა უწყების თანამშრომლების სიცოცხლეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ელგანდაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა. ა.წ 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რის გამოც, ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია-მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა გიორგი ელგანდაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე, დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ამასთან, ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

„და ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს“, - დასძინა გიორგი ელგანდაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა