მაია ცქიტიშვილი - რეგიონებში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ინიციატივები, გამოწვევები საჭიროებს ახალ ადამიანებს და ახალ უნარებს

გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არ უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს გუბერნატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, რეგიონებში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ახალ ადამიანებსა და უნარებს საჭიროებს.

"ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩვენი მხრიდან. შევაჯამეთ ის პროექტები და 4 თვე, რომელიც ერთად ვიმუშავეთ. მადლობაც გადავუხადეთ ერთმანეთს იმ დროისთვის, რაც ერთმანეთთან სათანამშრომლოდ გვქონდა. გვინდოდა გუბერნატორებს სოზარ სუბარისთვის მოეყოლათ, თუ რა პროექტები ხორციელდება რეგიონებში, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ფორმატიც შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება გუბერნატორების ნაწილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს, როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, რეგიონებში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ინიციატივები, გამოწვევები საჭიროებს ხშირ შემთხვევაში ახალ ადამიანებს და ახალ უნარებს. გარდა ამისა, ცქიტიშვილის თქმით, გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არ უკავშირდება.

"ლევან შონია მუშაობს გუბერნატორად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროიდან, ასევე აკაკი მაჭუტაძეც ამ პერიოდიდანაა გუბერნატორი, ამიტომ ვერ დავუკავშირებ ამას კვირიკაშვილის კადრების დევნას. ეს არის ის ახალი გამოწვევები, უფრო ეფექტიანი მართვის საჭიროება, რეგიონებთან უფრო ახლოს ყოფნის საჭიროება, ამიტომ პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, რეგიონული განვითარების სამინისტრო რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის ერთ-ერთ მთავარ უწყებად, რეგიონული განვითარების ფონდი კვლავ ჩვენი სამინისტროს სფეროა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კავშირზე ვიქნებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ასევე ჩვენთან რჩება დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავება და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური სტრატეგიების შემუშავების ნაწილი, ასევე საჯარო მმართველობის პოლიტიკის ფარგლებში გვაქვს კომუნიკაცია რეგიონებთან",- განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ სოზარ სუბარის სამსახურს ძირითადად ევალება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და პრემიერის აპარატს შორის კოორდინაცია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს