რუსთავის მერიაში მოქალქეთა ჯგუფის მიერ კომპანია ,,ინტერტრანსის" მიმართ გავრცელებულ პეტიციას გამოეხმაურნენ. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ,
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების მიერ, 2018 წელს მოქალაქეების წერილობითი მიმართვებისა და ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების საფუძველზე, რუსთავი-თბილსის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ, ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა.
მოკვლევის შედეგად კომპანია „ინტერტრანსი“ ათჯერ დაჯარიმდა. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 26 ივლისს მოქალაქეთა წერილის საფუძველზე, რომელიც შევიდა რუსთავის მერიაში და ასევე პეტიციის ფორმით გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში, გამოიცა ბრძანება, შემოწმდეს ის საკითხები, რაც პეტიციაშია აღნიშნული და რომელიც, ასევე გაწერილია რუსთავის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების პირობებით.
24 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომელითაც რუსთაველები კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელებს მიმართავენ და მგზავრობის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. კერძოდ, პეტიციაზე ხელმომწერები მოითხოვენ: აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და არაპროფესიული, ხშირ შემთხვევაში უხეში და უზრდელი მოპყრობა მგზავრების მიმართ, შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება იმ ნორმების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და მართებულ გადაყვანას.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტით მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "ინტერტრანსმა" 2014 წელს გაიმარჯვა. კომპანიამ აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა გადასაყვანად 280 ერთეული M 2 კატეგორიის (მიკროავტობუსი) სატრანსპორტო საშუალება შემოიყვანა.