გია ვოლსკი - არჩევნების თარიღის ძალიან ადრე დასახელება როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსური კუთხით გარკვეულ სირთულეებს ქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღის ძალიან ადრე დასახელება როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსური კუთხით გარკვეულ სირთულეებს ქმნის, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს NDI-ის ანგარიშის პასუხად განუცხადა, რომელიც პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებს. ვოლსკის თქმით, მთავარია პრეზიდენტმა კანონი არ დაარღვიოს და არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში დანიშნოს.

"დასაშვებია, რომ პრეზიდენტი ამ დრომდე არ ასახელებს არჩევნების ჩატარების თარიღს. თუმცა, დასაშვებობასთან დაკავშირებით მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო. იქ რაღაც გეგმები და თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ მთავარია კანონი არ დაურღვევია. ძალიან ადრე დასახელება წინასაარჩევნო პერიოდის გარკვეულ სირთულეებს ქმნის, როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსურ სირთულეებს. NDI-ის სურვილი შეიძლება სწორია, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ საკითხის გამწვავება არ მიმაჩნია სწორად", - განაცახდა გია ვოლსკიმ.