ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო.

კერძოდ, მოსამართლემ რუსლან შავაძე და შოაიფ ბორზიევი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებაში გაამტყუნა და 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რაც შეეხება ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცველებმა დაჯგუფების ერთი წევრი შოაიფ ბორზიევი დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.