პროკურორებმა და გამომძიებლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის თემაზე გადამზადება გაიარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის თემაზე ტრენინგები ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, სწავლების მიზანია, პროკურორები და პროკურატურის სისტემის გამომძიებლები დეტალურად გაეცნონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მოთხოვნებსა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. ასევე, გაიუმჯობესონ შშმ პირებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. სასწავლო კურსი, თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად არის დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით. ტრენინგს მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სასწავლო პროცესის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ჭრილში შშმ პირთა უფლებები, შშმ პირთა უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, შშმ პირის სტატუსი, შეზღუდული შესაძლებლობების ძირითადი სახეები, აღწერა და რეკომენდაციები. ასევე, შშმ პირებთან სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება, ურთიერთობის ეთიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ტრენინგები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნულ თემაზე გადამზადება უკვე გაიარა პროკურორებისა და გამომძიებლების 6-მა ჯგუფმა. საწყის ეტაპზე, ტრენინგებს ძირითადად ოჯახურ დანაშაულებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები გადიან.

„ადამიანის უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით პროკურორებისა და გამომძიებლების გადამზადების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა