თსუ-ში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

თსუ პირველი კორპუსის ეზოში კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბაკალავრიატის დამთავრება კურსდამთავრებულებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა.

„ვულოცავ ბაკალავრიატის წლევანდელ კურსდამთავრებულებს, ვულოცავ თითოეულ მათგანს უნივერსიტეტის დამთავრებას. ისინი შეუერთდნენ უნივერსიტეტელების ძალიან დიდ არმიას. 100 წლის განმავლობაში 300 000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა უნივერსიტეტი. ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში და, რაც მთავარია, არასდროს არ დაეკარგოთ კავშირი უნივერსიტეტთან“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

„უნივერსიტეტის დამთავრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ შემდგომი ცხოვრებისთვის განათლების უკვე პრაქტიკაში გადატანა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს, ვუსურვებ წარმატებას და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„სიმართლე გითხრათ, გაორებული ვარ, იმიტომ რომ სიხარულიც და გულისწყვეტაც ერთად მაქვს. პირველყოვლისა იმიტომ, რომ წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი და მეორე იმიტომ, რომ უნივერსიტეტისა და ჩემი გზები ისე არ იქნება გადაჯაჭვული, როგორც აქამდე იყო. თუმცა, გავიხსენებ თსუ-ს სლოგანს და ვივლი აუცილებლად მასთან ერთად ყოველთვის,“- აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა თამთა მარგველაშვილმა.

ბაკალავრების გამოსაშვები დღის დასკვნითი ღონისძიება კლუბში Spacehall გაიმართა. SALIO, Digital Groove Affair და DJMachaidze გამოვიდნენ თსუ კურსდამთავრებულებისთვის გამართულ საღამოზე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის პირველი გამოშვება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტმა 1922 წელს აღნიშნა.

„100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World; Report).

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წელს 4700-მდე პირველკურსელს მიიღებს, მათ შორის 500-მდე აბიტურიენტი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა