ირაკლი ქარსელაძე - სიცრუეა, რომ ხეების გადატანისთვის გზების მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 1 ლარი მაინც არის დახარჯული

სიცრუეა, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და ამით თითქოს რაიმე შეღავათს ვუწესებთ ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის ეთერში 28 ივლისს გასულ სიუჟეტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე. მან ტელეკომპანია სიუჟეტის „ცალმხრივად გაშუქებაში დაადანაშაულა“ და განაცხადა, რომ დეპარტამენტის პოზიცია სიუჟეტში არ გაჟღერებულა.

„საგზაო დეპარტამენტი, ისევე როგორც მისი ყველა რეგიონული წარმომადგენლობა, კანონის სრული დაცვით აწარმოებს სამუშაოებს. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება და ვითარდება ან განხორციელდება, მიესადაგება იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით და ასევე სხვა გეგმების შესაბამისად. არავითარი კავშირი განხორციელებულ პროექტებს არ აქვს ხეების გადაზიდვა-გადატანის ხელშეწყობასთან.

გვინდა დეტალურად შევეხოთ იმ სამ გზას, რომელიც ნახსენები იყო გადაცემაში. გაუთავებელი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ გვირაბის შემოსავლელი გზა გაკეთდა თითქოსდა ხეების გამოსატანად. ეს გზა ამჟამადაც მშენებლობაშია, ანუ შეუძლებელია იქ რაიმეს გადატანა მოხდეს. საუბარია 1-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც არის შემოსაბრუნებელი გზა. ეს არის გზა, რომლითაც თბილისისკენ მომავალ ავტომობილებს ექნებათ მობრუნების შესაძლებლობა და არ შეიქმნება სახიფათო სიტუაციები, წესების დარღვევა, რომელიც ხდება და ა.შ. ეს გზა არსად არ მიდის და არსაიდან არ მოდის. ეს არის მხოლოდ მოსაბრუნებელი გზა. ასევე, გვირაბის თავზე გამორიცხულია მაღალი ტონაჟობის ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ზენითის გზა 2016 წელსაა შეკეთებული, თუმცა 2017 წლის ოქტომბერში სტიქიური უბედურებების გამო, დაზიანდა. შესაბამისად, ეს გზა მოხვდა სარეაბილიტაციო გეგმაში. განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები და შეკეთდება ასფელტი-ბეტონის საფარი. ამ გზას ასევე არაფერი აქვს საერთო ხეების გადატანასთან.

ოჩხამური არის გეგმაში მოხვედრილი გზა. ასეთი გეგმები გაგვაჩნია სხვადასხვა რეგიონში. ოჩხამურის გზაზე ადგილ-ადგილ მოხდა მისი გაფართოება, იყო მიწის გზა და გახდა ასფალტი-ბეტონის გზა. ეს გზა არაფერ კავშირში არ არის ხეების გადაზიდვასთან“, - განაცხადა ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს