ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამა ვეტერანებს გააცნეს

1-ელი აგვისტოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან ერთად აქტიური რეზერვის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურში წარადგინა.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაციას დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, საქართველოს რეგიონებსა და თბილისის რაიონებში უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მსმენელებს აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ხვალ გურიის მოსახლეობისთვის ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ურეკშია დაგეგმილი.

“ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბუთები 1-ელი აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 16:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე მიიღება: ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში; ქ. თელავი - თამარ მეფის ქუჩა N36, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში; სპეციალისტთა რეზერვისთვის, თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20. განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა, ფოტოსურათი 34 – 1 ცალი, ჯანმრთელობის ცნობა, სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო