ეროვნული ბანკი კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს აქვეყნებს

კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული წესის მიზანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხის ამაღლება, არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათ მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

“იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ საკუთარი აქციების ან ობლიგაციების შეთავაზება ინვესტორთა ფართო წრისთვის, მოახდინონ ე.წ. საჯარო შეთავაზება, მათ უნდა შეადგინონ და ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცების შემდეგ, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ ემისიის პროსპექტი. აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო გეგმები, ინფორმაცია მიმდინარე და წინა პერიოდების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესათავაზებელი აქციების ან ობლიგაციების მახასიათებლები. გარდა ამისა, პროსპექტში აღწერილია კომპანიის ინდუსტრიასთან, მის საქმიანობასთან და შესათავაზებელ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკები და კომპანიის ხედვა და მიდგომა ამ რისკების მართვის კუთხით. ეს დოკუმენტი საშუალებას აძლევს ინვესტორებს მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება მოახდინონ თუ არა ინვესტირება კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესის პროექტი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობასა და IOSCO პრინციპებს და ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს პროსპექტის სტრუქტურისა და შინაარსის, წარდგენის, გამოქვეყნებისა და ცვლილებების შეტანის პროცესთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს კომპანიებისა და მათი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ინვესტორების მაქსიმალურ ინფორმირებულობას.

პროსპექტის წესის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 31 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Prospectus@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა