„ვისოლ ჯგუფი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ახალგაზრდულ სოციალურ პროექტს - „საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე“- იწყებენ

„ვისოლ ჯგუფი“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ახალგაზრდულ სოციალურ პროექტს იწყებენ და 200-მდე სტუდენტს საშუალებას მისცემენ იმოგზაურონ საქართველოს რეგიონებში, გაეცნონ ქყვეყნის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ტურიზმის მიმართულებით გამოწვევებს, რათა #იზრუნონ მათ განვითარებაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ აცნობეს, „საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე“ 6 აგვისტოს დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე სტუდენტები ოთხ ნაკადად გაემგზავრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე ყაზბეგსა და დედოფლისწყაროში. პროექტის პარტნიორები არიან „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და USAID.

პროექტის სტუდენტებს ელით საინტერესო ლექციები, ექსპედიციები და საზოგადოებისთვის ცნობილ პროფესიონალებთან შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. პარალელურად პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებებით დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას (ფერმერები, სასტუმროს მფლობელები) მათთვის საჭირო საქმეებში, ასევე მუნციპალიტეტებს ტურისტული ლოკაციების მოწესრიგებაში.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლება. ზედანიას თქმით, პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, თავად გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები ფერმერულ, გარემოს დაცვით საქმიანობებსა და ტურიზმის სფეროში.

„მიზანია სტუდენტებმა საინტერესოდ, სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარონ ზაფხული. ამ პროექტის ფარგლებში ისინი ილიაუნის კვლევით ცენტრებში წავლენ, მოისმენენ საინტერესო ლექციებს, ჩაერთვებიან სემინარებში. ასევე, დაეხმარებიან ადგილობრივ თემებს, ფერმერებს და ჩაერთვებიან მათ საქმიანობაში”.-განაცხადა გიგა ზედანიამ.

პროექტში მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი წელს საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.

ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვისოლ ჯგუფი იწყებს საინტერესო პროექტს. ეს არის სტუდენტური საზაფხულო მოძრაობა #იზრუნე. აქ ძირითადი აქტივობები მიმართული იქნება იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ქვეყანაში. ამ ეტაპზე პროექტი მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა, მაგრამ ვფიქრობთ, მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ სტუდენტებს მთელი საქართველოდან “, – განაცხადა ფხაკაძემ.

„ვისოლ ჯგუფსა“ და „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ახალგაზრდულ სოციალური პროექტში #იზრუნე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია და სამოტივაციო წერილის დაწერა. რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://izrune.iliauni.edu.ge/about.html

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო