ახალი კულინარიული წიგნი „მესხური ტაბლა“ გამოიცა

ახალი კულინარიული წიგნი „მესხური ტაბლა“ - სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა, რომელიც უახლოეს მომავალში ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციად (DMO) ჩამოყალიბდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, წიგნი, რომელიც USAID-ის პროექტ „ზრდას“ დახმარებით გამოიცა, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კულინარიის დღეისათვის შემორჩენილი 20-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. მათივე ინფორმაციით, წიგნში წარმოდგენილი კერძების რეცეპტებზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ იმუშავა.

წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და USAID ზრდა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი დაესწრნენ.

„აღნიშნული წიგნის მიზანია ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. დაგეგმილია წიგნის გაყიდვა სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com. წიგნის გაყიდვისაგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციის გაძლიერებას. სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონებში და ახმეტის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, USAID-ის პროექტი ზრდა ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს