გიორგი სოზაშვილი - ჩემი მთავარი მოთხოვნაა, თუ რამე დავაშავე, მოვიპარე, დამიჭირონ ან თავი დამანებონ, დასრულდეს ეს იწილო-ბიწილო

ჩემი მთავარი მოთხოვნაა, თუ რამე დავაშავე, მოვიპარე, დამიჭირონ ან თავი დამანებონ, დასრულდეს ეს იწილო-ბიწილო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესმენმა გიორგი სოზაშვილმა განუცხადა, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ მედიის მეშვეობით საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც სოზაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობია მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ვინ არის იდენტიფიცირებული. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას ინციდენტის დღიდანვე ავრცელებდა, თუმცა შედეგი სახეზე არ დამდგარა. სოზაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია ის, თუ კონკრეტულად ვინ დგას მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან და რამე ტიპის შურისძიებას ან პირად კონფლიქტს გამორიცხავს. ბიზნესმენის მოსაზრებით, „ეს არის იერარქიულად პატარა კაცის წამოწყებული საქმე, რომელსაც სურს ზემდგომებს რამე დაუმტკიცოს“.

სოზაშვილი ასევე გამოეხმაურა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ ის ელექტროენერგიას იპარავდა, რისი მეშვეობითაც ბიტკოინებს გამოიმუშავებდა. მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს და მზად არის საზოგადოებას წარუდგინოს.

მედიასთან საუბრისას ბიზნესმენი აქცენტს კვლავ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე აკეთებს. „არ ვიცი, ვინ არის იდენტიფიცირებული, თუმცა ისინი იმ დღიდან ამას ამბობენ. მე ყველაფერი გადავეცი სამართალდამცავებს, ნივთმტკიცებები და ა.შ. აქ ვიქნები ყოველდღე... სამართალდამცველები მოტყუებით მოვიდნენ, მოტყუებით მომაწერინეს ხელი, ამის შემდეგ ცრუ ბრალდებებით გამოვიდნენ, თითქოს რაღაცას ვიპარავდი. ვფიქრობ ეს არის პატარა ადამიანის პატივისცემა ვიღაცის მხრიდან, იერარქიულად პატარა ადამიანის. მე ყველას შემიძლია წარვუდგინო მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები იტყუებიან. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, გაჩერდნენ, შემეშვან. თუ დავაშავე, მოვიპარე, დამიჭირონ ან შემეშვან“, - განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.

გიორგი სოზაშვილი აღნიშნავს, რომ სანამ მსგავსი პროცესები მის ირგვლივ არ დასრულდება, ყოველდღე იქნება პარლამენტის შენობის წინ. აქვე განმარტავს, რომ მას აქცია დაანონსებული არ აქვს, თუმცა თუკი მას მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდებიან, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებამ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 31 ივლისს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა“, - აცხადებენ შსს-ში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს