დღეიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა ახალ მოდელზე გადადის.
“სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ სრულიად ახალი კანონისა და მასთან ერთად 28 კანონში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედება 1-ელი აგვისტოდან იწყება.
“სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის მიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში შექმნის შემდეგ გახდა. კანონი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, მისი სუბიექტებისა და ფიზიკური პირების ფუნქცია-მოვალეობებთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, ინციდენტის და საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონით ასევე წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, აღნიშნულ სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.
სიახლეა, რომ შემოდის მართვის გამარტივებული სისტემა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით იქმნება მოხალისეთა სისტემა, არსებითად იცვლება ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის მართვა, ახლებურად რეგულირდება საგანგებო სიტუაციების კატეგორიები და სხვა.