საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია დღეს მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, შეთანხმების მიხედვით, პარამედიკოსის კურსის მსმენელები სტაჟირებას თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების მოზრდილთა და პედიატრიული გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) განყოფილებებში გაივლიან.
,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი-პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის აკრედიტირებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული კურსი ითვალისწინებს მსმენელის მიერ ორი 24-საათიანი მორიგეობის შესრულებას სტაჟიორად პედიატრიული კლინიკის გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) განყოფილებაში და ოთხი 24-საათიანი მორიგეობის შესრულებას სტაჟიორად, კლინიკის მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) განყოფილებაში,“ - ნათქვამია თსსუ-ის ინფორმაციაში.