ნაზი ჯანეზაშვილი - ნინო გვენეტაძე ოფიციალურად იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა რეალურად პროცესებს მიხეილ ჩინჩალაძე მართავდა

ნინო გვენეტაძის გადადგომას პირველ რიგში სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებს ვუკავშირებ, ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდებოდეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როდესაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტძის გადადგომის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ნინო გვენეტაძე არაერთხელ ყოფილა ზეწოლის ქვეშ და ის რეალურად არ იყო სასამართლოს მმართველი. ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის ფაქტობრივი ხელმძღვანელი სინამდვილეში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ქრონოლოგიურად მოვლენებს წარსულში, თუ რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში, ბუნებრივია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების გარეშე ამაზე საუბარი არ შეიძლება. თვეების წინ, გასული წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და საბჭოზე ისაუბრა ამის შესახებ. ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია. მწვავე რეაქციები ამას არ მოჰყოლია. როცა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს, ყურადღებაა გასამახვილებელი. ეს უნდა ყოფილიყო განგაშის ზარი ყველასთვის, თუმცა ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ის აპირებდა გადადგომას, თუმცა ეს უკვე მერე აღარ დადასტურდა. დღეს უკვე კეთდება ოფიციალური განცხადება უზენაესი სასამართლოს მიერ, რომ ის გადადგა.

დღეს ნინო გვენეტაძის გადადგომას პირველ რიგში ვუკავშირებ სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებს. სასამართლო სისტემაში უზენაესი სასამართლოს როლი არის მინიმალური, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდი. სასამართლო სისტემა იმართება სხვა ჯგუფის მიერ, სხვა ჯგუფს აქვს ინტერესები. ეს არის მიხეილ ჩინჩალაძე და მისი ჯგუფი. გვენეტაძე ოფიციალურად იყო სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა რეალურად გვენეტაძე სასამართლოს თავმჯდომარე არ იყო. პროცესებს მართავდა ჩინჩალაძე. გვენეტაძის ხელში არანაირი ბერკეტი არ იყო, გარდა იმ ოფიციალური ბერკეტისა, რაც შესაძლოა მას ჰქონოდა. მეორე - არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდებოდეს დეკანოზ მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მოვლენების ასეთი დამთხვევა შემთხვევით არ ხდება", განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო