ზაზა სარალიძე - პრემიერთან შეხვედრასთან დაკავშირებით არავინ შეგვხმიანებია- არ ვიცი, ალბათ, არ სცალია, თუ ხალხისთვის არ სცალია, აბა ვისთვის სცალია?

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნაზე მთავრობის ადმინისტრაციისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

როგორც ზაზა სარალიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ პრემიერ- მინისტრი მასთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის, ამაზე არ საუბრობს.

“პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ არ შეგვხმიანებია, ისევ ველოდები. არც ჩვენ მიერ შეტანილ 30 საქმესთან დაკავშირებით გამოგვხმაურებიან. არ ვიცი, ალბათ არ სცალია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თუ ხალხისთვის არ სცალია, აბა ვისთვის სცალია?”-აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მისივე ინფორმაციით, 5 აგვისტოს სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ევროპელ იურისტებთან ერთად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეხვედრებს გამართავს. შესაბამისად, მას იმედი ჰქონდა, რომ პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ თარიღამდე შეხვდებოდა.

“რაც შეეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხს, ჯერ სასამართლო პროცესები აქ არ დასრულებულა, განაჩენი ჯერ სააპელაციო სასამართლომ და შემდეგ უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მითუმეტეს, ახალი დეტალებია გამოკვეთილი და ვნახოთ, რა იქნება”, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. სარალიძის თქმით, შესაძლოა, საგამოძიებო კომისიამ ზუსტად ის ფაქტები გამოკვეთოს, რაზეც ის აქამდე საუბრობდა, თუმცა მთავარია, პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

“მთავარია, შემდეგ პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თორემ საგამოძიებო კომისიამ შესაძლოა,ზუსტად ის ფაქტები დადოს, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი და ვნახოთ, პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ფაქტია, ისევ იცავენ მკვლელებს”, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

აღსანიშნავია, რომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მათი მტკიცებით, 30 გამოუძიებელი საქმე შეიტანეს. ამასთან, მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელმა მამუკა ასათიანმა განუცხადა, რომ ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ პასუხი ეცნობებოდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა