მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი აღმოაჩინეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში სრულდება სამეცნიერო კვლევა ძიების მე-3 სეზონი, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორ გოდერძი ნარიმანაშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ძალისის აკლდამის მიდამოებში 2-წლიანი დაზვერვების შედეგად მიკვლეულ უბანზე მიმდინარე სამუშაოებმა წელს უკვე ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. კვლევა-ძიების პროცესის შედეგად გამოვლენილია სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი. გათხრების მნიშვნელოვან აღმოჩენას მიეკუთვნება თიხის ბულა, რომელზეც სასანიანი შაჰი შაპურ IV გამოსახული, ხოლო გამოსახულების გარშემო მოთავსებული არამეული წარწერა კი ამ ბულით დაბეჭდილ წერილობით გზავნილს ეკუთვნის, რომელიც დიდი ალბათობით უშუალოდ შაჰის კანცელარიიდან იყო იბერიის სამეფოში გამოგზავნილი.

არქეოლოგების წინასწარი დასკვნის მიხედვით, დიდ არქიტექტურულ ნაგებობაში აღმოჩენილი ბულა, მინის ჭურჭელი, თიხის ჭურჭელი და კრამიტი არქეოლოგიურ კომპლექსს ჩვ. წელთაღრიცხვის III-IV სს ათარიღებს. მიუხედვად იმისა, რომ დიდი ნაგებობის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი, შეიძლება ითქვას, რომ ის გრანდიოზულ და მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს, რაზეც ნაგებობის კედლების ზომები და იქ აღმოჩენილი არტეფაქტები მიანიშნებენ. მეცნიერები არ გამორიცხავენ, არქიტექტურული ნაგებობა სატაძრო კომპლექსს, ან მის ნაწილს წარმოადგენდეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოები ძალისის კომპლექსზე მომავალ წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებში არქეოლოგებს კიდევ მეტი ისტორიულ -კულტუროლოგიური ინფორმაციის მოპოვების იმედი აქვთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა