„საქართველოს ბანკმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან (FMO) 160 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა

„საქართველოს ბანკი“, ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსების მოზიდვას განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკთან (Nederlandse Financierings-Maatschappij Voor Ontwikkelingslanden N.V. (FMO)) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ჰოლანდიის განვითარების ბანკი „საქართველოს ბანკს“ 160 მილიონი ლარის მოცულობის 5-წლიან სესხს გამოუყოფს. საკრედიტო ხაზის ადგილობრივ ვალუტაში გახსნა ბანკის ლარში დენომინირებული საკრედიტო პორტფელის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, „საქართველოს ბანკის“ როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის დე-დოლარიზაციის პროცესზე დადებითად აისახება.

ჰოლანდიის განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე საჯაროდ განთავსების გზით, „საქართველოს ბანკის“ შვილობილ საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კინკაველიძის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის ლარში დენომინირებული დაფინანსების მოპოვება და ამ პროცესში ვაძლიერებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიან თანამშრომლობა გრძელდება.

„მოხარული ვარ, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკთან გრძელვადიანი თანამშრომლობა განვაახლეთ და ეროვნულ ვალუტაში ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. ჩვენ ვაგრძელებთ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლისათვის ლარში დენომინირებული დაფინანსების მოპოვებასა და ამ პროცესში ვაძლიერებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიან თანამშრომლობას. მინდა, ჰოლანდიის განვითარების ბანკს ლარში დენომინირებული ბონდების სადებიუტო გამოშვება მივულოცო და გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რომ ადგილობრივ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციისთვის კონტრაგენტად სწორედ „საქართველოს ბანკი“ აირჩია“,- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

ჰოლანდიის განვითარების ბანკის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ლინდა ბროეკუიზენის განცხადებით, ჰოლანდიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული პირველი ბონდი გამოუშვა.

„ჰოლანდიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული პირველი ბონდი გამოუშვა. ჩვენ ვამაყობთ, რომ „საქართველოს ბანკთან“ ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების გარიგება განვახორციელეთ. ლარის რესურსი მხარს უჭერს საქართველოში ეკონომიკის შემდგომი დე-დოლარიზაციის პროცესს და ადგილობრივი ეკონომიკისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას",- განაცხადა ლინდა ბროეკუიზენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს