დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არასდროს ყოფილა ზეწოლა და უკანონო ზემოქმედება

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არასდროს ყოფილა არანაირი ზეწოლა და უკანონო ზემოქმედება, ჩვენ ამის არც ბერკეტი და არც სურვილი არასდროს გვქონია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, განცხადებები, რომ ნინო გვენეტაძე იყო ზეწოლის ქვეშ, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მისი თქმით, როდესაც გვენეტაძემ საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ ის არის ზეწოლის ქვეშ, ამგვარ ფაქტს რომ რეალურად ჰქონოდა ადგილი, გვენეტაძე მაშინ დატოვებდა პოსტს და არა ახლა.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილი გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას, რომ გვენეტაძის გადადგომა მისთვის "სისტემის ავადმყოფობაა".

"ჩვენი კომენტარები მოსდევს ხოლმე ისეთ განცხადებებს, როდესაც აშკარად ხდება ფაქტების დამახინჯება. ერთმნიშვნელოვანი ფაქტის სხვაგვარი და არაობიექტური შეფასება ხდება. ამიტომ, ამგვარ ვარაუდებზე, როდესაც არავითარი მტკიცებულებები არ ახლავს, კომენტარს ვერ გავაკეთებ. იქ იყო ხაზგასმა ძალადობაზე. გასული წლის ნოემბერში ქალბატონმა ნინომ ემოციურ ფონზე საკამოდ ემოციურ გარემოში საკითხის განხილვისას საბჭოს სხდომაზე ეს განცხადება გააკეთა, თუმცა ლოგიკური იქნებოდა ის, რომ თუ ასეთი უკანონო ზემოქმედება მასზე არსებობს, მაშინ გადამდგარიყო. რამდენიმე თვისა და პოზიტიური შედეგების შემდეგ იმ ფაქტის გახსენება, რომ თურმე მაშინ საუბრობდა უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე ძალადობაზე და მაშინ არ გადადგა და რამდენიმე თვის შემდეგ გადადგა, ალოგიკურია და ურთიერთგამომრიცხავი", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემისა და საბჭოს მუშაობის პოზიტიური შედეგების ფონზე მისთვის მოულოდნელი იყო ნინო გვენეტაძის პოსტიდან წასვლა.

"თუმცა, იმ მიზეზში, რაც მან დაასახელა, ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს იმიტომ, რომ ისეთი გადატვირთული რეჟიმი არსებობს სასამართლო სისტემაში, ამგვარი პრობლემა შეიძლება თითოეულ ჩვენგანს შეექმნას“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო