ქვემო ქართლის რეგიონში საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე მეტრეველმა და გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ სამხარეო ადმინისტრაციაში განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, მხარეებმა ქვემო ქართლის რეგიონში საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების თაობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები დასახეს.

აზერბაიჯანულ დელეგაციას რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოდის სათემო განათლების ცენტრი“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება თანამშრომლობისა და განვითარებისათვის ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ ფარგლებში მასპინძლობს. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, პროექტი განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და არსებული პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები ერთი კვირის განმავლობაში, ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.