ცესკო არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშიაა ნათქვამი, პოლიტიკურ პარტიებსდა საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის წარდგენის მიზნით უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაციის პროცედურები ასევე დაწყებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.

„2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. 1 აგვისტოს, არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, დაიწყო საარჩევნო პერიოდი. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად გარკვეული საარჩევნო პროცედურების განხორციელება, მათ შორის დაწყებულია არჩევნებში ჩართული მხარეების რეგისტრაციის პროცედურები: პოლიტიკურ პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის წარდგენის მიზნით უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს (მიმდინარე წლის 8 სექტემბრის ჩათვლით), რაც მათ აძლევს შესაძლებლობას დროულად დაიწყონ რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება (არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერისა).

პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაციის პროცედურები ასევე დაწყებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის (ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის მომართვის ბოლო ვადაა - მიმდინარე წლის 18 ოქტომბერი, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის კი - 21 ოქტომბერი); აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გაზარდა ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმომადგენლების და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, წელს პირველად, პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეძლევათ ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით“-ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ საარჩევნო აკრედიტაცია მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით (არასაარჩევნო პერიოდში მიღებული აკრედიტაცია არ ვრცელდება საარჩევნო პერიოდზე).

„შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად და ასევე, მიმდინარეობს უფლებამოსილი პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების დანიშვნის პროცესი. შესაბამისად, საარჩევნო პროცესების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ჩართული მხარეების აქტიური მონაწილეობა.

ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, დროულად გაიარონ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში“-ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა