გიორგი მარგველაშვილი - მე მინდა, ნინო გვენეტაძის გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში

მე მინდა, ნინო გვენეტაძის გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ განსაკუთრებით რთული ხდება, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა.

„არაერთი მოსამართლე ან სასამართლოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისგან, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის თავად ქალბატონი ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და სახელმწიფო სისტემისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.