ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2018

ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში და 5 დაშავებული - "დაპირისპირება სიგარეტის გამო დაიწყო"

ცვლილება, რომელიც "ტაქსისტებსა" და მგზავრებს შორის კონფლიქტს გამოიწვევს

***

ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში და 5 დაშავებული - "დაპირისპირება სიგარეტის გამო დაიწყო"

"ოთხშაბათს, ღამით კოჯრის სამხედრო ნაწილში ჩხუბის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაშავდა. ერთ-ერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას; მეორე დაშავებული "ამტელ ჰოსპიტალში" მიიყვანეს; კიდევ ერთი სამხედრო პირი, ვისაც მცირე დაზიანებები ჰქონდა, პროფილაქტიკური კვლევებისთვის "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში და 5 დაშავებული - "დაპირისპირება სიგარეტის გამო დაიწყო"

"რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულ სამხედროს, მათ შემოწმება ჩაუტარდათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს დაპირისპირების დროს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, იარაღი, რომლითაც ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენა, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა სამხედრო პოლიცია.

1-ელ აგვისტოს, საღამოს საათებში სერჟანტთა მომზადების აკადემიაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამმა - ცივი იარაღით. ხუთივე მათგანი პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის მომხდარი ხიშტდანებით. იარაღი, რომლითაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. იმ მომენტში სამხედრო პოლიცია არ იმყოფებოდა ადგილზე. გამოძიება საწყის ეტაპზეა და ახლა ვერ მოგახსენებთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - განაცხადა ირაკლი ბეზარაშვილმა", - აღნიშნავს გამოცემა.

"თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, სიგარეტის გამო დაიწყო, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, 3 კი ჩხუბის დროს დაშავდა. დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. "ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, უტარდება მკურნალობა პალატაში. საშუალო სიმძიმის იყო მდგომარეობა შემოსვლისას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა", - განაცხადა "ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა", - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, პაციენტმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის უცნობმა პირებმა დაჭრეს. "ჩემთან თქვა, რომ ვკითხე, რა მოხდა, როგორ-მეთქი, კოჯრის სამხედრო ბაზასთან დამჭრა უცნობმა პირმაო", - განაცხადა ექიმმა", - წერს სტატიის ავტორი.

ცვლილება, რომელიც "ტაქსისტებსა" და მგზავრებს შორის კონფლიქტს გამოიწვევს

"ტაქსებს, შესაძლოა, ფიქსირებული საფასურის დაწესება აუკრძალონ და მგზავრობის გადასახადი გავლილი კილომეტრების მიხედვით დადგინდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს პრობლემაა როგორც მძღოლებისთვის, რომლებმაც დამატებითი ხარჯი უნდა გასწიონ, ასევე - მგზავრებისთვისაც. "ტაქსისტები" ეცდებიან, ხელსაყრელად გამოიყენონ ახალი კანონი და შორი გზით მიიყვანონ მგზავრები დანიშნულების ადგილზე. ამან შეიძლება, მძღოლსა და კლიენტს შორის კონფლიქტიც კი გამოიწვიოს. გარდა ამისა, კანონი მომხმარებლებისთვის არაკომფორტული იქნება, რადგან იგი წინასწარ ვერ შეძლებს განსაზღვროს ის თანხა, რაც მომსახურებაში უნდა გადაიხადოს. პრობლემა გაჩნდება კონკურენციის მხრივაც. "ტაქსი 200-200"-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია აცხადებს, რომ ახალი ცვლილების შესახებ ინფორმაცია მათ მერიაში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. იგი მუნიციპალიტეტის მოსაზრებას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელების შემთხვევაში გარკვეული დისკომფორტი შეიქმნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ცვლილება, რომელიც "ტაქსისტებსა" და მგზავრებს შორის კონფლიქტს გამოიწვევს

"საქართველო, ძირითადად, ფიქსირებულ ტარიფზე მუშაობს და ადამიანმა იცის, რომ "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე უნდა გადაიხადოს ფიქსირებული თანხა. თუ ეს პარამეტრიც ამოვარდება და კილომეტრაჟზე იქნება ორიენტირებული, მძღოლსაც მიეცემა ლავირების საშუალება, რომ გარკვეული თანხის გამომუშავების სანაცვლოდ უფრო შორი გზით წავიდეს. ჩემი აზრით, უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი, რადგან საქართველოში კარგად მუშაობს და უნდა დარჩეს ასე. ბაზარმა ეს მეთოდი თავად დაარეგულირა", - განაცხადა ნიკა ხოფერიამ. იგეგმება თუ არა ტაქსისტებისთვის ფიქსირებული ტარიფის გაუქმება? - ამ კითხვით "ბიზნეს მედიამ" თბილისის მერიას მიმართა. უწყებაში ცვლილებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რეგულაციების ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ ტაქსებისთვის ერთი ფერის განსაზღვრა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსით მომსახურების გაწევის აკრძალვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"სატაქსო მომსახურების დროს ფიქსირებული ტარიფების გაუქმებამ შეიძლება უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვიოს საზოგადოებაში, რადგან მომხმარებელი, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, მოტყუებული დარჩეს. მძღოლები ეცდებიან, დანიშნულების ადგილამდე იმაზე შორი გზით მიიყვანონ მგზავრი, ვიდრე რეალურად საჭიროა. შესაძლოა, სხვა ხრიკებსაც მიმართონ, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი დაზარალდება, ამ ყველაფრის რეგულირება კი ძალიან გაუჭირდება კომპანიებს. სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ახალი რეგულაციის უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და სკეპტიკურად არის განწყობილი:

"ტაქსებზე მრიცხველები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც, მაგრამ ისინი თავად გთავაზობენ, გინდა თუ არა მრიცხველის ჩართვა და მგზავრი აკეთებს არჩევანს. საქართველოში ეს ნორმა არ ამოქმედდება მინიმუმ ერთი წელი, მაგრამ მერე რას ვთავაზობთ მომხმარებელს? მთელი ამ ამბის დადებითი მხარე მხოლოდ ერთია: მძღოლთან ვაჭრობა არ მოგიწევს და რასაც მრიცხველი დაგიწერს, იმას გადაიხდი", - განაგრძობს გამოცემა.

"მრიცხველების აღრიცხვა და კონტროლი ძალიან რთულია, როდის ჩაირთვება და როდის გამოირთვება, ვერასდროს გაიგებ. შესაძლოა, გრძელი გზით გატაროს მძღოლმა და იმაზე ორჯერ მეტი გადაიხადო, ვიდრე რეალურად მოგიწევდა. მე პირადად არ ვარ ამგვარი რეგულაციების მომხრე და სკეპტიკურად ვუყურებ ყველაფერს. მგაზვრს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა მრიცხველის მომსახურება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მესხიშვილმა "ექსპერტები ამბობენ, რომ სანამ ამ რეგულაციას შემოიღებენ, მთავრობაში მოუწევთ მოიფიქრონ, თუ როგორ გააკონტროლებენ მძღოლებს ისე, რომ მგზავრები არ დაზარალდნენ. ეს რთული მექანიზმია და მარტივი არ იქნება გამოსავლის პოვნა", - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო