სახელმწიფო ენის დეპარტამენტი პარლამენტს მუშაობის სრულ ანგარიშს სექტემბერში წარუდგენს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაში ასევე დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ ჩუხუა და დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

გიორგი ალიბეგაშვილმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობასა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა. განიხილეს, ასევე, ქართული ენის სტანდარტიზაციისა და ტრანსლიტერაციის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენების ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე და, პირიქით, ქართული ენის ბგერითი სისტემების ევროკავშირისა და გაეროს სამუშაო ენებზე ტრანსლიტერაციის წესების შემუშავება და დახვეწა, რაც აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო, სამხედრო და კულტურული მიმართულების ორგანიზაციებთან სრულფასოვანი ურთიერთობისათვის.

„გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისია მუშაობს ქართული ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების სისტემაზე, რომელიც საერთო ევროპულ რეკომენდაციათა ჩარჩოს შეესაბამება. სისტემა ენის სწავლებას ოთხი ენობრივი კრიტერიუმის მიხედვით გულისხმობს. სამომავლოდ, აღნიშნული კრიტერიუმებით შემუშავებული საგამოცდო პროგრამის მეშვეობით მოხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და საჯარო უწყებაში იმ პირთა მიღება, რომელთაც ქართულ ენაზე განათლება არ მიუღიათ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2018 წლის საშემოდგომო სესიისთვის დასრულდება მუშაობა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე რეკლამის სახელმწიფო ენაზე გავრცელების წესი შემუშავდება. კანონპროექტის მიხედვით, რეკლამა ქართული სალიტერატურო ენის ნორმებსა და ტრანლიტერაციის წესებს უნდა შეესაბამებოდეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სექტემბერში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მუშაობის სრული ანგარიშის წარდგენა იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო