გივი მიქანაძემ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსთან, არა საღათელიანთან და პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.

გივი მიქანაძემ არა საღათელიანს გააცნო საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯები.

„სომეხ კოლეგას მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და რეფორმების თაობაზე, ასევე კონსტიტუციის ახალი რედაქციით და პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ის სიახლეები, რაც მიმართულია პარლამენტის, განსაკუთრებით კი მისი საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების თვალსაზრისით. ასევე, გავაცანი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატში მიღწეული წარმატებების შესახებ“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძემ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის აპარატში მიმდინარე აქტივობებისა და რეფორმების თაობაზეც ისაუბრა. მან არა საღათელიანი თბილისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.

„ჩემი სომეხი კოლეგა მოვიწვიე სექტემბრის ბოლოს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება თბილისის მემორანდუმის გაფორმება. სომეხი კოლეგა მიესალმა ამ ინიციატივას და დაგვიდასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა“,- განაცხადა მიქანაძემ.

მისი შეფასებით, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი როგორც გაცნობითი, ასევე სამომავლო თანმშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი იყო.

„მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღვნიშნეთ. გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და განივრცოს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში დავსახავთ კონკრეტულ გეგმას, რომლითაც ორივე მხარე უფრო აქტიური თანამშრომლობის ფაზაზე გადავალთ“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა