ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2018

პრეზიდენტის "გედის სიმღერა" და ბოლო დაპირისპირება "ოცნებასთან"

"ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირებაა

საქართველოში საშუალო ფენა საერთოდ გაქრა -  ქვეყანა მასობრივი გაღარიბების  ჭაობში იძირება

* * *

პრეზიდენტის "გედის სიმღერა" და ბოლო დაპირისპირება "ოცნებასთან"

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა წარადგინოს და ამ საკითხთან დაკავშირებით იგი 6 აგვისტოდან ფართო კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. პარლამენტში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურება და შეშფოთებაც კი გამოიწვია. უმრავლეოსობაში თვლიან, რომ პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს, "ქართულ ოცნებას" პრობლემები შეუქმნას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტს სურს, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე იყოს, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნება, თუკი მათ ფართო ჩართულობით შერჩეულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე უარს იტყვიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტის "გედის სიმღერა" და ბოლო დაპირისპირება "ოცნებასთან" / ექსპერტები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააჭიანუროს.

"შესაბამისად, ეს არ იქნება პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა. ეს იქნება საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეული ადამიანი, რომელზეც უარის თქმა ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნება და დაადასტურებს იმ ეჭვს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება და სურვილი, სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან და მისცეს მას რეალური შესაძლებლობა, რომ იქ დაიწყოს ჯანსაღი პროცესები. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშნველობის პროცესი. ამიტომ საჭიროა ახლა, როგორც არასდროს, რომ ყველა პროფესიულმა ჯგუფმა, ყველამ, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნისა და მართლმსაჯულების მომავალზე, მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ჩვენ ველოდებით გამოხმაურებებს. ბუნებრივია, ჩვენ თავადაც გვექნება კონტაქტი ჯგუფებთან, მაგრამ ყველა დაინტერესებული მხარიდან ველოდებით მოსაზრებებს, რათა ვიპოვოთ კარგი კანდიდატი, ღია, სრულიად გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" უმრავლესობის წევრ შოთა ხაბარელს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ფორმატის კონსულტაციები იქნება და კონკრეტული თანამდებობისთვის მისაღები კანდიდატურა უნდა იქნეს წარდგენილი - "ეს ჩვეულებრივი კონსულტაციები იქნება იმისთვის, რომ დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. იგი უნდა იყოს კონპეტენტური ადამიანი", - განაცხადა შოთა ხაბარელმა. "ქართული ოცნებისგან" წამოსულ კრიტიკას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, მმართველ გუნდს აღნიშნული პროცესის გაწელვა სურს იქამდე, სანამდეც თავად პრეზიდენტს უფლებამოსილება არ შეუჩერდება", - განაგრძობს გამოცემა.

"სახელისუფლებო უმრავლესობა ახმაურდა: პოლიტიკური მიზნები ამოძრავებსო. უნდათ, გაწელონ პროცესი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, როდესაც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება აღარ ექნება. როგორც ჩანს, პრეზიდენტი აპირებს წასვლის წინ "გედის სიმღერის" შესრულებას და ნუ უფუჭებენ ყვავური ჩხავილით მელოდიას. თავის დროზე, ნინო გვენეტაძის წარუმატებელი შერჩევა მის კისერზეა და ახლა, ალბათ, შეეცდება ამ შეცდომის გამოსწორებას. თუმცა, ნურც ილუზიებს მივეცემით - ნებისმიერ კარგ კანდიდატს პარლამენტი ჩააგდებს და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ სასამართლო სისტემას თავზე მორიგ მარიონეტს - კომპრომეტირებული იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაასვამს", - განაცხადა რომან გოცირიძემ. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი პარლამენტმა არ დაამტკიცა, ეს პროცესი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გაიწელება და თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს კანდიდატურას, უზენაეს სასამართლოში მდგომარეობა მეტად დამძიმდება. ამის შესახებ "რეზონანსი" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერ გია გვილავას გაესაუბრა", - დასძენს გამოცემა.

"თუკი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა პარლამენტმა არ დაამტკიცა, ეს პროცესი ახალი პროცესის ძალაში შესვლამდე, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გაიწელება. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს კანდიდატურას და პრეზიდენტს ამის უფლება აღარ ექნება, რაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება. თუკი საბჭოს მიეცემა შესაძლებლობა, წარადგინოს კანდიდატურა, სასამართლო სისტემაში მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. კანდიდატურაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ თემაზე კონსულტაცია არ გვქონია. ველოდებით პრეზიდენტის შემოთავაზებულ ფორმატს. მან საჯაროდ გააკეთა განცხადება და სწორედ ამას ველოდებით ჩვენც და სპეციალური განხილვა ამასთან დაკავშირებით არ გვქონია. პრეზიდენტი აპირებს კონსულტაციების დაწყებას და ჩვენ სურვილი გამოვთქვით, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში და თუნდაც მის მიერ წარდგენილი კანდიდატი შევაფასოთ. პრეზიდენტს იმის უფლება აქვს, რომ მეორეჯერ წარადგინოს კანდიდატურა, მაგრამ პარლამენტს შეუძლია, ეს პროცესი მეორეჯერაც გაწელოს და ჩააგდოს. თუ მოუნდება, რომ არ დაელოდოს ახალ პრეზიდენტს, პარლამენტი ამას გააკეთებს", - გაცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია გვილავა.

"ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირებაა

"რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში, ეყოლება თუ არა თავისი კანდიდატი თუ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს - როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ამ თემაზე გუნდში პოზიციები გამოკვეთილი არ არის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირებაა.

"როგორც უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რა ფორმით ჩაერთვება ოცნება ამ არჩევნებში, ამ საკითხზე შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება. უმრავლესობის წევრ აკაკი ზოიძის თქმით, გარკვეული ჯგუფები ამ თემაზე მუშაობენ. "ოცნების" მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ იზიარებს პარტიის თავმჯდომარის არგუმენტებს. კულუარული ინფოემაციით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა, თუმცა მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის მზადაა. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში შიდა დაპირისპირება მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა მინიშნებები არის. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ დააზიანებს "ოცნების" იმიჯს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა", - აღნიშნავს გამოცემა.

"უმრავლესობაში ძირითადად დაპირისპირება გარკვეულ ჯგუფებს შორის მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, ვინ შეინარჩუნებს ადგილს პარლამენტში 2020 წლის არჩევნებში, ანუ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ძალაუფლების გავლენის მოპოვებას. ამ ეტაპზე შიდა დაპირისპირებას შეიძლება ამძაფრებს საპრეზიდენტო კანდიდატთან აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ალბათ მოილაპარაკებენ, რომ ურთიერთობა არ გაამწვავონ - "არც შენი, არც ჩემის" პრინციპით შეირჩეს ნეიტრალური კანდიდატი. სალომე ზურაბიშვილი ალბათ ნეიტრალურ ფიგურად მოიაზრება, რომელიც "ოცნების" არც ერთი დაჯგუფებისთვის პოლიტიკურად სახიფათო არ იქნება. თანაც მას არ ექნება პოლიტიკური საყრდენი და ამ პოსტიდან პოლიტიკური ქულების დაგროვებას არ დაიწყებს. იქნებიან მშვიდად. დანარჩენს ალბათ, ბიძინა ივანიშვილთან მოაგვარებენ. არის მეორე, შუალედური ვარიანტიც - "ოცნებას" უნდა ეს გადაწყვეტილება ისე "გაყიდოს", თითქოს მას ხელისუფლების ყველა შტოში არ ჰყავს წარმომადგენელი. მაგრამ, რამდენად გამოუვა არ ვიცი, რადგან ამას შეიძლება მძაფრი განწყობები მოჰყვეს ქვეყნის შიგნით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ძაბირაძე.

"ეს იქნება "ოცნების" მხრიდან ტყუილი, რომლის დაფარვა ან გამართლება შეუძლებელია. საქართველოში ვერავის დააჯერებ ზურაბიშვილის "დამოუკიდებლობაში", ამისი თავად მმართველ გუნდშიც არ სჯერათ. რეპუტაციული თვალსაზრისით, ეს არის მთავარი ფაქტორი - სიცრუე. მეორე ის გახლავთ, რომ ზურაბიშვილი არანაირი განზომილებით, მით უმეტეს საქართველოს წინაშე დამსახურებით არ იმსახურებს არათუ პრეზიდენტობას, არამედ რომელიმე პროვინციული ქალაქის მუნიციპალიტეტის წევრობასაც. ამ დღეებში მოვისმინე ზღაპარი იმის თაობაზე, რომ თითქოს მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსოს ცინცაძე.

"1999 წელს წლიდან არცთუ ისე დიდი დროა გასული, რომ ერთმანეთში აგვერიოს ზურაბიშვილი და აშშ-ის პრეზიდენტი კლინტონი, ვისი პირადი დამსახურებითაც სტამბოლის სამიტზე გაცოფებულ ელცინს ხელი მოაწერინეს შეთანხმებაზე ბაზების გაყვანის თაობაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზურაბიშვილის "გამარჯვება" საპრეზიდენტო არჩევნებში უპრეცედენტო დონის რესურსებსა და გაყალბებას მოითხოვს, რაც ნამდვილად აქტივში არ ჩაეთვლება მმართველ პარტიას. ცხადია, ოპოზიცია ჩუმად არ შეხვდება საქართველოში არჩევნებითვისაც კი ასეთ კაზუსს და ამას ბუნებრივად მოჰყვება აქტიური მოსახლეობის პროტესტი. ხოლო პასიური მოსახლეობის იმედგაცრუების ახალი ტალღა. ყოველივე ამის შემდეგ მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე - რაში სჭირდება ეს ყველაფერი მმართველ პარტიას", - დასძენს სოსო ცინცაძე.

საქართველოში საშუალო ფენა საერთოდ გაქრა -  ქვეყანა მასობრივი გაღარიბების  ჭაობში იძირება

"საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი - ასეთია მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგი. მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბებასთან ერთად, ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, ქრება. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ამ ტერმინში რომელი ფენაც მოიაზრება, იმ სოციალური ჯგუფის ადამიანები ახლაც არ არსებობენ ქვეყანაში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველოში საშუალო ფენა საერთოდ გაქრა / "მთელ მოსახლეობაში საშუალო ფენა არის 1%, რეალურად კი ისიც არაა".

"მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად დადასტურდა, რომ მოსახლეობის 32% დღეს ღარიბია და დღეში 2,5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს. კიდევ 37% ზომიერად ღარიბია და ჭამა-სმაზე, ჩაცმაზე, კომუნალურ ხარჯებზე, ბავშვების განათლებასა და მედიკამენტებზე დღიურად 5 დოლარს უნდა დასჯერდეს; დანარჩენი 24% მოწყვლად ჯგუფშია. ასე რომ, გამოდის, საშუალო ფენის ხვედრითი წილი საქართველოში დღეს 7%-ს არ აღებატება. გაღარიბებისა და საშუალო კატეგორიის გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის მკვეთრად შემცირება და საკრედიტო მომსახურების წილის მკვეთრი ზრდაა. ამან უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. ის, რომ სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება და მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, ეკონომისტებისთვის კარგად ნაცნობი თემაა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს კრიტერიუმი, რომლითაც საშუალო ფენას დაითვლი, უცხო ქვეყნების კრიტერიუმები კი ზედმეტად მაღალია ქართული რეალობის გათვალისწინებით. კიდევ უფრო მძიმე სურათს ხატავს ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია - ის ამბობს, რომ საუკეთესო შემთხვევაში ქვეყნის 1%-ია საშუალო ფენა - რეალურად კი ასეთი ჯგუფი საქართველოში არც არსებობს!" - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენთა საშუალო ფენა, მდიდრებსა და დაბა;შემოსავლიანებს თუ გამოვრიცხავთ, სტატისტიკურად მცირე არ უნდა იყოს. ღარიბთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით 22%-მდეა, შემწეობის მიმღებთა კატეგორიაც არ არის 10-15%-ზე მეტი. ამიტომ დანარჩენი მოსახლეობა, დაახლოებით 60%, სტატისტიკურად შეიძლება მივაკუთვნოთ საშუალო ფენას, მაგრამ ეს წმინდა მათემატიკური გათვლით, რაც რეალობიდან ძალიან შორსაა. თანამედროვე სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მათი რიცხვი 15-18%-ზე მეტი არ არის. თანაც, დიდია რისკი, რომ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ღარიბთა და ღატაკთა რიგებში აღმოჩნდეს. მსოფლიო ბანკის ახალი მონაცემებით, ღარიბად ითვლება ადამიანი, რომლლის მოხმარებაც შეადგენს დაახლოებით 1,9 დოლარს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით. ჩვენთან აბსოლუტურად სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

"საგულისხმოა, რომ საქართველოში მოსახლეობის დიფერენცირება, შემოსავლების მიხედვით, საგრძნობლად მაღალია. მიზეზთა გამო, შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა. რამდენია საშუალო ფენა, ამის თქმა რეალურად ძალიან რთულია, რადგან ამის ზუსტიმ ინდიკატორები და პარამეტრები სამწუხაროდ, არ გვაქვს, ევროპული სტანდარტები კი ჩვენთან ნამდვილად არ გამოდგება: არაერთხელ მომიყვანია მაგალითი, რომ იქ შემოსავალი დაახლოებით 18-ჯერ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, რომ ადამიანი საშუალო ფებას მიეკუთვნოს. ფაქტია, რომ მსოფლიოში მიღებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ღარიბთა და მდიდართა თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ჯერად სხვაობას, ჩვენთან 20-ჯერ მეტია, რაც თავისთავად ქმნის სოციალური დაძაბულობის ფონს", - დაასკვნის არჩვაძე.

"საქართველოში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არც გვყავს. საშუალო ფენა ნიშნავს არც მდიდარი, მაგრამ არც ღარიბი ოჯახების გარკვეულ ოდენობას. საქართველოში კი ასეთი თითქმის არ არის. დღეს დასაქმებულთა უმრავლესობას ხელფასი აქვს საქსტატის გამოთვლილი საშუალო 1040 ლარზე ნაკლები. რასაც ოფიციალური მონაცემები გვეუბნება, ესეც დაბალია საშუალო ფენისთვის, მაგრამ დავუშვათ, ადამიანს მართლაც აქვს 1040 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ მის კისერზეა ოჯახის სხვა წევრების უზრუნველყოფაც, მისი ხელფასი რამდენიმე ადამიანს ხმარდება და იმდენჯერ მცირდება, რამდენი ოჯახის წევრის ჰყავს სარჩენი. მოგეხსენებათ, საქართველოში, სამწუხაროდ, ცოტაა ოჯახები, სადაც ერთზე მეტი დასაქმებულია, უმუშევარი კი რამდენიც გინდათ. ასე რომ, ადამიანს როდესაც აქვს თუნდაც 2000 ლარი და ინახავს მტელ ოჯახს, არ ნიშნავს, რომ არის საშუალო ფენის წარმომადგენელი. სულ ის კატეგორია, რომელსაც 3000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, არის დაახლოებით 32 000 ადამიანი. მთელ მოსახლეობასთან თანაფარდობაში ეს გამოდის 1%-ზე ნაკლები. ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში ქვეყნის 1%-ია საშუალო ფენა. რეალურად კი ასეთი კატეგორია საერთოდაც არ გვყავს", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ჭარაია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს