მამუკა მდინარაძე - “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს სპექტაკლი ჩაუვარდათ

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიმართ კითხვები იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს დღეს სპექტაკლი გამოუვიდოდათ, მაგრამ მათ სპექტალი ჩაუვარდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინ განუცხადა.

“ზუსტადაც, რომ თეა წულუკიანის მიმართ დაისვა ერთნახევარი კითხვა - ეს “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების ცაიტნოტში ყოფნას ნიშნავდა. როგორც ჩანს, ისინი დღეს აპირებდნენ დაედგათ რაღაც ახალი პიარ-სპექტაკლი გიორგი გახარიასთან და ირაკლი შოთაძესთან, ამ სპექტაკლის შედეგები შემდეგ თეა წულუკიანისთვის მოეხსენებინათ და ამაზე მოეთხოვათ პასუხი გარკვეული კითხვების ფორმით, რაც არ გამოუვიდათ. ამიტომ აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანი არაფრისთვის მოიყვანეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, შს მინისტრმა და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. “დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქმის მიმართ დამოკიდებულებას. ჩვენ რაც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ყოფილი პროკურორის თუ შს მინისტრის პასუხები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან რთულ და საზოგადოებისთვის სენსიტიურ საქმეს განვიხილავთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს დეპუტატ ოთარ კახიძის გარდა, კომისიის არც ერთმა წევრმა კითხვა არ დაუსვა.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან აღნიშნეს, რომ კომისიის ფარგლებში თეა წულუკიანის დაბარების აზრს თავიდანვე ვერ ხედავდნენ. საგამოძიებო კომისიის წევრებმა “ევროპული საქართველოდან“ თეა წულუკიანს ასევე არ დაუსვეს კითხვები. ერთადერთი გამონაკლისი ოთარ კახიძე იყო, რომელიც დაინტერესდა, იცნობს თუ არა წულუკიანი მირზა სუბელიანს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ იცნობს.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა (მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე 14 დღით შეწყდა თვითმხილველების დაკითხვა, არ ამოიღეს Facebook და Instagram მიმოწერები მირზა სუბელიანის შვილსა და მის დეიდაშვილს შორის, არ ჩატარდა მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდიას სახლების ჩხრეკა, არ ამოიღეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა მ.კ-ს, ფიგურანტებს დაუტოვეს ტელეფონები იმისთვის, რომ მოესმინათ, მაგრამ არც კი მიუმართავთ მოსამართლისთვის მოსმენაზე ნებართვისთვის და სხვა), თეა წულუკიანს ისევ მიაჩნია თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მისთვის მადლობა უნდა გადაეხადა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის იგივე პოზიციაზე რჩება.

გუშინ კომისიის კითხვებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უპასუხეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა