ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, მას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება გაუჭირდება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოზიციის გაჟღერებისას განაცხადა. კობახიძემ იმ მოსაზრებებზე ისაუბრა, თუ რის საფუძველზე მიიღო პარტიამ გადაწყვეტილება და არჩევნებზე კანდიდატს არ დაასახელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგეტიმაცია საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ხორციელდება. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ სისტემაში პრეზიდენტს არ აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და მას არსებითად ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქციები. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არც სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და არც ახორციელებს მას. იგი ვერ წარსდგება პოლიტიკური პროგრამით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული, უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ, პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

„პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს გაუჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება. პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ პარტიული კანდიდატის არჩევა, მით უფრო არასასურველია დღეს, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მყარი უმრავლესობითაა წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობის ორგანოებში და ფლობს პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების ძლიერ ბერკეტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს