გრიფირების სისტემა უნდა გაუმჯობესდეს და იყოს გამჭვირვალე, რათა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების ადგილი არ იყოს, - ამის შესახებ გამომცემლობა “დიოგენეს“ ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
ლებანიძის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დიალოგში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ “ვიღაცები ვიღაცების ხარჯზე კი არ შევიწროვდნენ, არამედ პირიქით, არჩევანი გაფართოვდეს, რაც სკოლებისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება“.
“ჩვენ ყველანი მომხრე ვართ, რომ ბაზარზე მრავალფეროვნება იყოს, რადგან ხარისხს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს და ამ ყველაფერს რეალურ კონკურენციამდე მივყავართ. შეიძლება ვინმეს წარმოდგენა შეექმნას, რომ ჩვენ მხოლოდ ფინანსებზე ვსაუბრობთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ამ ყველაფრის უკან სისტემა უნდა გაუმჯობესდეს, სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე, რაც შეიძლება მოწესრიგებული პროცედურებით, რათა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების ადგილი არ იყოს. საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ სიტუაცია, როცა ბავშვებისთვის მართლა ხარისხიანი სახელმძღვანელოები გაკეთდება“, - განაცხადა თამარ ლებანიძემ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაწყებითი კლასის ორ სახელმძღვანელოს გრიფი მოუხსნა. ეს სახელმძღვანელოებია: პირველი კლასისთვის განკუთვნილი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, რომელიც გამომცემლობა “ტრიასს“ ეკუთვნის და ასევე, გამოცემლობა “ელფის“ I-IV კლასებისთვის განკუთვნილი მათემატიკის სახელმძღვანელო.