ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2018

რას უმზადებს კრემლი საქართველოს - “რუსეთმა შესაძლოა კვლავ გაიმეოროს 10 წლის წინანდელი”

"ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს"

შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება

ფქვილი მოულოდნელად გაძვირდა, მეპურეებს დიდი საფიქრალი გაუჩნდათ

***

რას უმზადებს კრემლი საქართველოს - “რუსეთმა შესაძლოა კვლავ გაიმეოროს 10 წლის წინანდელი”

"რუსეთისაგან კიდევ ერთი მუქარა საქართველოს - რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციამ შესაძლოა კიდევ ერთ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ მედვედევმა რადიოსადგურ "კომერსანტის" ეთერში განაცხადა. "საქართველოს ნატოში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?" - აცხადებს ის. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის აცილება შესაძლებელი იყო", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რას უმზადებს კრემლი საქართველოს - “რუსეთმა შესაძლოა კვლავ გაიმეოროს 10 წლის წინანდელი”

"რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რამდენიმე კვირის წინანდელი განცხადება ყველას გვახსოვს, რომელიც მედვედევის განცხადების იდენტური იყო, სადაც პუტინი საქართველოს, ფაქტობრივად, ემუქრებოდა. რა შეიცვალა ამ მცირე დროში და რუსეთის ორი დიდი ფიგურა, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, რას უნდა ნიშნავდეს ეს; ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში შესაძლო ინტეგრაციამ რუსეთს რეალური საფრთხე შეუქმნა და შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი რუსეთის უკიდურესი გაღიზიანებისა. მისი თქმით, რუსეთი ნატოს რეაქციასაც ცდის და "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის წვრთნები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რუსეთის გაღიაზიანებას იწვევს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ისინი თვლიან, რომ საქართველოში ნატოს წევრობის საკითხი შესაძლოა რეალური იყოს. მათ აინტერესებს რეაქცია; ნატო რამდენად წამოეგება და დააფიქსირებს ფაქტს, - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაის შესახებ. რუსეთი ძალიან გააღიზიანა "ღირსეული პარტნიორობის" წვრთნებმა, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარ საგნად იქცა. მათთვის მთავარია ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება, რომელიც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს," - აღნიშნა მან. მაისაიას განცხადებით, რუსეთმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაიწყო წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და პუტინისა თუ მედვედევის განცხადება საქართველოს მიმართ სამხედრო მუქარად შეიძლება ჩაითვალოს", - განაგრძობს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ რუსებმა დაიწყეს საპირისპირო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც 3 000 ადამიანი არის ჩართული. მედვედევის "კომერსანტთან" გაკეთებული დღევანდელ განცხადებას და პუტინის რამდენიმე კვირის წინანდელ განცხადებაც უნდა ჩავთავალოთ ერთგვარ მორიგ სამხედრო მუქარად," - აცხადებს ის. მისი თქმით, რუსეთისაგან არსებობს აშკარა საფრთხე და შესაძლოა რუსეთმა კვლავ გაიმეოროს 10 წლის წინანდელი და მოახდინოს სამხედრო ძალის გამოყენება. მაისაიამ გაუსვა ხაზი რუსეთ-ამერიკის დაძაბულ ურთიერთობასაც.. "რუსეთისაგან ყველაფრის მოლოდინი არსებობს. 10 წლის წინანდელმა ომმა გვიჩვენა, რომ რუსეთისაგან ნებისმიერი საფრთხე არის მოსალოდნელი, მათ შორის უშუალოდ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია. "სამწუხაროდ, რუსებმა ეს იციან და მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. კიდევ ერთხელ გაიმეორონ აგვისტოს ომოს რეციდივი, გართულებულია ურთიერთობები რუსეთ-ამერიკას შორის და საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა სანქციასთან დაკავშირებით," - წერს გაზეთის ავტორი.

"ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს"

"ფარსი და თამაში, რომელსაც საზოგადოება აღარ წამოეგება - ასე აფასებენ ანალიტიკოსები "რეზონანსთან" საუბარში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში ჩართვასა და მმართველი გუნდის განცხადებას, რომ ისინი მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ და საკუთარს არ დაასახელებენ. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს, ოღონდ არა საკუთარი რესურსით, არამედ "ქართული ოცნების" დახმარებით. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილი ათეულშიც ვერ მოხვდებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს" / ხუხაშვილი ზურაბიშვილზე: "გველოდება "რეალითი შოუ", სადაც ამტანები ჩვენ ვიქნებით"

"მათი განცხადებით, ზურაბიშვილი არ არის სტაბილური პოლიტიკოსი და ის "ოცნებას" შესაძლოა, სერიოზულ თავის ტკივილადაც ექცეს. მათი აზრით, ეს იქნება "რეალითი შოუს" მსგავსი სანახაობა და ქართველი საზოგადოება სანახაობის მეტს აქედან ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებს. მათთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ზურაბიშვილის შერჩევა, რადგანაც ის არ არის მორჩილებით გამორჩეული ქალბატონი, რომლის ნიშნითაც ივანიშვილი კადრებს არჩევს. ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, იყოს გარიგება, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველ გუნდს ხელს არ შეუშლის", - აღნიშნავს გამოცემა.

"ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩართვაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. მინდა, გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ერთ დღეში არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის გაერთიანება, მათ შორის, საზოგადოების გაერთიანებაც", - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს უკვე ჰყავს გამოცდილი საზოგადოება, რომელსაც მსგავსი თამაშები უკვე გავლილი აქვს და მისი მოტყუება ასეთი ადვილი აღარ არის. ხუხაშვილისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება "ქართულ ოცნებას" მსგავსი ფარსი და რატომ პირდაპირ არ ასახელებს, რომ ზურაბიშვილი მმართველი გუნდის კანდიდატია და პრეზიდენტად კენჭისყრა მან ივანიშვილთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზურაბიშვილი 2012 წლიდან, ფაქტობრივად, მმართველი გუნდის აქტივისტი და მისი ყველა გადაწყვეტილების "გამპრავებელი" იყო, ამიტომაც "ოცნებამ" მას ეს საქციელი დაუფასა და საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ძალიან სასაცილო და უხარისხო სპექტაკლია, რაზეც საზოგადოება საკმაოდ კარგად ერთობა", - დასძენს გამოცემა.

"გაუგებარია, რისი ერიდებათ და რცხვენიათ. თქვან პირდაპირ, სალომე ზურაბიშვილს დავუფასეთ ჩვენი აქტივისტობა და დავასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატადო. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ეყოლებათ, მაინც რა რცხვენიათ, ვერ გავიგე. ზურაბიშვილის გამკვირვებია, რომ ამბობს, ბევრი ვიფიქრეო, რა იფიქრა, კაცო? 2012 წლიდან იხვეწება, პრეზიდენტობა მინდაო. როდისღა იფიქრა, ბავშვობაში? მისი ოცნება პრეზიდენტობა იყო. ეს უხარისხო სპექტაკლი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაღალი ალბათობით, ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს გამარჯვება იქნება არა იმიტომ, რომ მასზე საზოგადოება გადარეულია ან "ოცნებას" მოსახლეობაში კიდევ დიდი მხარდაჭერა აქვს, იმიტომ გაიმარჯვებს, რომ მმართველ გუნდს ყველაზე დიდი რესურსი აქვს და ამ რესურსს მის სასარგებლოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხადაჭერის გარეშე ათეულშიც ვერ მოხვდებოდა", - აცხადებს "რეზონანსთან" ხუხაშვილი. მისივე თქმით, ოპოზიცია უარეს დღეშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის მოღვაწეობის 6 წელი ქართული საზოგადოებისთვის იქნება "რეალითი შოუ", სადაც ჩვენ ამტანების როლს შევასრულებთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს იქნება მხიარული პროცესი, რითაც საზოგადოება კარგად გაერთობა. ხუხაშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანასა და პოლიტიკაში არც არაფერი არ ხდება, მოსახლეობა სანახაობით მაინც დატკბება", - აღნიშნავს ავტორი.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო კანდიდატია, რადგანაც ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მათ პრობლემას არ შეუქმნის და იქნება პრეზიდენტი, ვინც ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ჩაუდგება. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილმა მისგან სწორედ ეს გარანტია მიიღო და მისი დღევანდელი გარდასახვაც ამის მანიშნებელია. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ის გამარჯვებას შეძლებს და პრეზიდენტი გახდება. "ეს არის შეთანხმებული თამაში, სადაც მმართველმა გუნდმა მიიღო გარანტია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ხელისუფლებას ოპოზიციაში არ ჩაუდგება და ის იქნება გარანტი, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათ არანაირი წინააღმდეგობა მისი მხრიდან არ ექნებათ.

"იმ ფონზე, როდესაც "ოცნებას" არ აქვს რესურსი და სხვა ალტერნატიული კანდიდატი არ ჰყავს, ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთება მათთვის ცუდი არ უნდა იყოს.

"რაც შეეხება მის ხასიათს, არ მგონია, რომ მან ივანიშვილს რამე წინააღმდეგობა გაუწიოს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ, დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს საკმაოდ სუსტი ბერკეტები აქვს და, ფაქტობრივად, უუფლებოა. ამიტომაც მას იურდიულად ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლება", - წერს სტატიის ავტორი.

შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება

"რუსეთის მორიგი პროპაგანდა: რუსულენოვან გზამკვლევებზე საქართველოს რუკები ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული, - თბილისში, რუსთაველის გამზირზე სწორედ ასეთი ბროშურები იყიდება, სადაც რუსეთის თვალით დანახული, დამახინჯებული საქართველოს აფიშირება ხდება. აღნიშნული გზამკვლევის დამზადება რუსეთში, ქალაქ მოსკოვში, გამომცემლობა „ლიტრეს"-ის მიერ ხდება, რომელიც 2018 წლის გამოცემით თარიღდება. როგორ და რა გზით შემოდის საქართველოში მსგავსი გამოცემის გზამკვლევები და ვის მიერ უნდა კონტროლდებოდეს მსგავსი ფაქტები, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში მათ მოხვედრას დიდი ალბათობით ტურისტული სააგენტოები უზრუნველყოფენ რუსული სპეცსამსახურის დამხარებით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება

„ასეთი გზამკვლევების მოხვედრა საქართველოში დიდი ალბათობით ტურისტული სააგენტოების საშუალებით ხდება და გამორიცხული არ არის რუსული სპეცსამსახურების ხელი, რომლებიც შეგნებულად ბეჭდავენ და ავრცელებენ ამას. საქართველოში გზამკვლევების პრობლემა არცერთ ენაზე არ არის; იგი ყველა ენაზე არსებობს და ნებისმიერ გიდსა თუ ტურისტულ სააგენტოს შეუძლია ამ ყველაფრით ისარგებლოს. ტურისტისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა იქნება ზედ გამოსახული," - აღნიშნა მან. სალუქვაძე კანონდარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამა თუ იმ ტურისტული სააგენტოს მიმართ მკაცრი სანქციები უნდა გატარდეს და ვინც აღნიშნული რუკების რეალიზებაში ხელს უწყობს, მოქალაქე თუ სააგენტო, კანონის გათვალისწინებით პასუხი უნდა აგოს", - აღნიშნავს გამოცემა.

„აქ კანონის დარღვევა აშკარად არის და ამას არ სჭირდება ბევრი ახსნა-განმარტება. ელემენტარულად, ავიღოთ კანონი ოკუპაციის შესახებ და კანონები, რაც კი არსებობს საქართველოში. აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი რუკები, - ეს ყველაფერი ამოსაღებია და ვინც ამის რეალიზებას ახდენს, მათთვის სანქციები უნდა გატარდეს. შესაძლოა გაუუქმონ ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ გაუქმდეს; დაწყებული რეგისტაციით და მათი საქმიანობით. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია და ტურიზმის სააგენტომ თუ სხვა უწყებებმაც უნდა მიიღონ ამაში აქტიური მონაწილეობა; ვინ ახდენს ამ ყველაფრის რეალიზებას და რა შეიძლება გაკეთდეს კანონის ფარგლებში; რა სანქციები შეიძლება გატარდეს ამ ადამინებისა თუ ორგანიზაციების მიმართ," - განაგრძობს გამოცემა.

"მისი განცხადებით, თუკი აღნიშნულ კანონში ხარვეზებია, უნდა გამოსწორდეს და ასევე, უნდა მოხდეს კანონის გამკაცრება და სასჯელის დაწესება ჯარიმის სახით.

ეს უნდა იყოს კანონიერი სანქციები და თუკი კანონში ხარვეზებია, კონკრეტული ხვრელები უნდა ამოვავსოთ, სანქციები კი გავამკაცროთ. მსგავსი მასალების რეკლამირება-გავრცელება უნდა ისჯებოდეს ჯარიმით; ისჯებოდნენ, როგორც მოქალაქეები, ასევე ასმაგად ტურისტული ორგანიზაციები. საპანიკო აქ არაფერია, რადგან ამაზე უარესადაც გვებრძვიან, - პირდაპირ გვემუქრებიან. კარგია, რომ ფხიზელმა მოქალაქეებმა ეს ყველაფერი აღმოაჩინეს და გაავრცელეს. უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, ამაში კი დიდი წვილილი მედიასაც აქვს. სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ ეს ზოემები გაატაროს," - განაცხადა ამირან სალუქვაძემ", - წერს სტატიის ავტორი.

ფქვილი მოულოდნელად გაძვირდა, მეპურეებს დიდი საფიქრალი გაუჩნდათ

"ფქვილის ფასმა ბოლო კვირის განმავლობაში 1 ტომარაზე 4 ლარით მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ალოობაა და ახლა ხორბლის მოსავლის დაბინავების დროა, ფქვილის ფასს ეს არ შეტყობია. მეპურეები გაძვირებას ახსნას ვერ უძებნიან. რაც შეეხება პურპროდუქტებზე ფასის შესაძლო გაზრდას, ამაზე მეწარმეები ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ნებისმიერი ცვლილება, როგორც საბითუმო, ასევე სარეალიზაციო, ღირებულებაზე აისახება. ქვეყანაში გენმოდიფიცირებაზე ანალიზი, რომელიც აქამდე უფასო იყო, მთავრობის დადგენილებით, ფასიანი გახდა. ანალიზი ხორბლით დატვირთულ ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს, რაც 250 ლარი ჯდება. ხორბლის იმპორტიორებმა ამის გამო ფქვილის ფასის მატება ამ გადასახადის დაწესებისთანავე ივარაუდეს. მათი აზრით, ასეთი მიდგომა პროდუქტის ხელოვნური გაძვირებაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ფქვილი მოულოდნელად გაძვირდა, მეპურეებს დიდი საფიქრალი გაუჩნდათ / 1 ტომარაზე ფასმა 4-5 ლარით მოიმატა და ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში ხორბლის კარგი მოსავალია

"მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სფეროში ნებისმიერი რეგულაცია, საბითუმო და სარეალიზაციო ფასზე ასახვას ჰპოვებს, თუმცა მზა პროდუქტის გაძვირებაზე ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერს ამბობს. მასვე საუბარი უჭირს ფქვილის გაძვირებაზეც, რადგან ახლა ხორბლის სეზონია და ფქვილი არ უნდა გაძვირებულიყო. 1 ტომარა ფქვილი 4-5 ლარით არის გაძვირებული. ახლა გვაქვს სეზონი, ალოობა. ასეთ დროს ფასი ყველგან იკლებს და მათ შორის - ჩვენთანაც. გასაგებია, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, მაგალითად, ავსტრალიაში მოსავალი ცუდი მოვიდა და მსოფლიო ბაზარზე ცოტათი ფასი გაზრდილია, მაგრამ ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არის მეზობელი რუსეთი", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამბობენ, რომ რუსეთშიც 25%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით მოსავალი, მაგრამ რუსეთს იმაზე გაცილებით მეტი მოსავალი მოჰყავს, ვიდრე სჭირდება. მას თუ სჭირდება 70 მლნ ტონა თავისი ქვეყნისთვის, მოჰყავს ორჯერ მეტი და დანარჩენს ყიდის. შარშან ყველაზე მეტი რუსეთისგან თურქეთმა იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთისგან შორსაა, მაინც მისგან შეიძინა. ფიტოსანიტარიულ კონტროლზეც ფასი დაწესდა. ბარიერების შექმნა, რა თქმა უნდა, აძვირებს პროდუქტს. მაგალითად, აზერბაიჯანმა თავის დროზე დღგ საერთოდ მოხსნა, ხორბალი რომ არ გაძვირებულიყო. მე ვთვლი, რომ კვების პროდუქტებზე დამატებული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს. ეს არის მომხმარებლის ჯიბიდან ამოღებული ფული. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საბაჟოზე ფიტოსანიტარიული კონტროლის გამო, ფერხდება მანქანების მოძრაობა და მძღოლებს აღარ უნდათ ამ ბარიერის გამო გადასვლა და ხორბლის წამოღება. ხელოვნურად ვქმნით იმ პრობლემებს დღეს, რაც გვაქვს", - განაგრძობს გამოცემა.

"დღეს უკვე 4 ლარითაა გაძვირებული ფქვილი. ძალიან ბევრი არ ითვალისწინებს მცხობელების სიტუაციას. ამბობენ, რომ თუკი 1 ტომარა 45 ლარამდე ღირს, პურის ბიზნესი თავის მარჟაში ეტევა. ეს ასე აღარ არის. ვეღარ ჯდება ამ თვითღირებულებაში, რადგან გაძვირდა საწვავი, ენერგომატარებლები (რაიონებში), ხორბალს წინათ რომ 30 თეთრად აბარებენ, ახლა 40 თეთრი ღირს. არც იმას არ ითვალისწინებენ, რომ რეალიზატორებს 5 თეთრი აღარ აკმაყოფილებთ, მათ 10 ან 15 თეთრი თუ არ დარჩათ მოგება, პურს არ გაგიყიდიან", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დოლიძემ. რა მიზეზებმა განაპირობა ფქვილის გაძვირება, ამაზე პასუხი არც "იფქლში" აქვთ. საწარმოს ხელმძღვანელი ბაქარ ბაკურაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ ამ ეტაპზე მარაგი გააჩნიათ და მზა პროდუქტი არ გაძვირდება, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, კონკრეტული პასუხის გაცემა უძნელდება. ჩვენ გვაქვს პურის ქარხანა და ვადასტურებთ, რომ ფქვილის ფასმა მოიმატა და ცოტა გასაკვირია, რატომ მოხდა ეს მაშინ, როდესაც სეზონია და მოსავლის აღების პერიოდია. ეს არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის უცნობი და გასაკვირია", - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება იმას, გაძვირდება თუ არა ამის გამო პურპროდუქტები, ეს უკვე მომავლის საკითხია. ჯერ მარაგი გვაქვს, რამდენიმე თვის და ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ ფასის ზრდას. მარაგი რომ ამოგვეწურება, მერე რა ეღირება ფქვილი, იმაზეა დამოკიდებული ჩვენი პროდუქტის ფასიც. ხშირია აწევა და მერე ისევ ვარდნა, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბაკურაძემ. ფქვილზე ფასის ზრდა საკონდიტროებისა და საცხობების მზა პროდუქციაზეც აისახება. ლელა იაკობიძეს თბილისის ერთ-ერთ უბანში საკუთარი საცხობი აქვს. როგორც იგი ამბობს, ფქვილზე ფასის მატება მის პროდუქციასაც გააძვირებს. შეიძლება იფიქრონ, რომ ფქვილის გაძვირება გვაწყობს, რადგან მიზეზი გვექნება, ჩვენი პროდუქტი უფრო ძვირად გავყიდოთ, მაგრამ ასე არ არის, მით უმეტეს - ზაფხულში, როდესაც ქალაქი დაცლილია და, ფაქტობრივად, ვერაფერს ვყიდით. რამ განაპირობა ფქვილზე ფასის ზრდა მაშინ, როდესაც ხორბლის სეზონია, ჩვენთვის უცნობი და ცოტა გაუგებარია. ამ ეტაპზე გაძვირებას არ ვაპირებთ, თუმცა ეს ტენდენცია თუ არ შეიცვალა, მოგვიწევს, ფასებს გადავხედოთ", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა