დავით ზალკალიანი - სიმბოლურია, რომ სწორედ 7 აგვისტოს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღეს, ვსაუბრობთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

„ეს არ არის თემა რომელიც მხოლოდ საქართველოს ან მხოლოდ უკრაინას ეხება. ეს არის თემა, რომელიც წარმოადგენს ევროპის მომავლისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედს, რადგანაც არ შეიძლება ევროპის მომავალი არსებობდეს ბერლინისეული კედლებითა და მავთულხლართებით, არ შეიძლება 21-ე საუკუნის ევროპის უსაფრთხოება აგებული იყოს ძალის გამოყენებით მუქარაზე მეორე სახელმწიფოს მიმართ,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გახსნისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოს მიმართ განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე, აგვისტოს ომზე, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებზე ისაუბრა.

„სიმბოლურია, რომ სწორედ 7 აგვისტოს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღეს, ვსაუბრობთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ვსაუბრობთ იმ გზებზე, რითაც შესაძლებელი უნდა გახდეს კონფლიქტის დარეგულირება და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ან მხოლოდ უკრაინას ეხება. ეს არის თემა, რომელიც წარმოადგენს ევროპის მომავლისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედს, რადგანაც არ შეიძლება ევროპის მომავალი არსებობდეს ბერლინისეული კედლებითა და მავთულხლართებით, არ შეიძლება 21-ე საუკუნის ევროპის უსაფრთხოება აგებული იყოს ძალის გამოყენებით მუქარაზე მეორე სახელმწიფოს მიმართ. არ შეიძლება ევროპის მომავალი ეფუძნებოდეს დაშინებისა და ოკუპაციის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ, ევროპაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტილება ერთნაირად გვეხება ჩვენ ყველას - ვარშავას, რიგას, ვილნიუსს, ბერლინს, პარიზს, ბრიუსელს, თბილისსა და კიევს.

ქალბატონებო და ბატონებო, 10 წლის წინ საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის სამიზნე, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. 10 წლის შემდეგ კვლავ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. კვლავინდებურად ადგილი აქვს უკანონო სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილი აქვს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ადგილი აქვს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, ადამიანების გატაცებას, საშინელ მკვლელობას. ისეთს, როგორიც სულ ცოტახნის წინ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: ჩვენი თანამოქალაქე, არჩილ ტატუნაშვილი ჯერ მოიტაცეს, შემდეგ კი საშინლად მოკლეს. სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა. მსგავსი შემთხვევები ადრეც გვქონდა, როგორიც იყო გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრისას ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებსა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს აქვს მთლიანად ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ კოლეგებს, რომლებიც საქართველოს რეზოლუციების მიღებასა და მხარდაჭერის მობილიზაციაში ეხმარებიან.

„მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. 2008 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა, ყველა ძირითად საერთაშორისო აქტორთან ერთად ჩართული ვართ იმ მწვავე საკითხების მოგვარებაში, რასაც ეფუძნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები - ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, იძლებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ გვაქვს ხელშესახები შედეგი, მაგრამ სწორედ თქვენი თანადგომით ვდგამთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება გახდეს შეუქცევადი და რუსეთის ფედერაციამ პატივი სცეს იმ ვლადებულებებს, რაც მას 2008 წელს ჰქონდა აღებული.

ჩვენ გვაქვს მთლიანად ევროკავშირის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ყველა ფორმატში. ჩვენ გვაქვს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა, რაც გამოიხატება ორპარტიული მხარდაჭერით და ასევე საკანონმდებლო დონეზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფორმულირებების, მათ შორის ტერმინის - ოკუპაციის - ასახვით. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი ისეთ რეზოლუციებზე მხარდაჭერის მობილიზაციისთვის, როგორიც გახლავთ გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ყოველწლიურად მისაღები რეზოლუცია იძლებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებული რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო