ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს ეხება. მოგერინი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა.

„დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 10 წლისთავს აღვნიშნავთ. ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორ ყოველთვის. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ ძალისხმევაში ჩართულობა და მონაწილეობა, მათ შორის, ჟენევის ფორმატში გამართული დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში; ასევე, დაეხმაროს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას და გააგრძელოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა ადგილზე“, - ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ წინადადებათა პაკეტზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და აცხადებს, რომ წინადადებებს სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

„ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ წინადადებათა პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაჭრობის გამარტივების, განათლებისა და მობილობის საშუალებით. ამ ტიპის წინადადებები სრულად შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში. ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები და განახორციელა რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. საქართველომ წარმატებით განავითარა ეკონომიკა და მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმისათვის. დღეს ის რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითია. ამასთან, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ ფართომასშტაბიან შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, რაც მომდევნო წლებში ჩვენს შორის ორმხრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს. 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში შევიდა უვიზო მიმოსვლა მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა ჭეშმარიტი პარტნიორობაა, რომელიც პოლიტიკურ ასოცირებას, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ჩვენს ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას ეფუძნება“, - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა