დიმიტრი ლორთქიფანიძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისიის მასალები და დასკვნა პარლამენტის საიტიდან გამქრალია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რუსეთ-საქართველოს ომის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისიის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესებულია, სად არის კომისიის მუშაობის მასალები, კომისიის დასკვნა და რატომ არ არის გამოქვეყნებული პარლამენტის ვებ-გვერდზე.

როგორც ლორთქიფანიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალური საიტიდან გამქრალია.

“2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებისთანავე საქართველოს პარლამენტში დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომლის ფორმატი იმგვარად განისაზღვრა, რომ მთელი პროცესი უნდა გაშუქებულიყო “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ტელეარხით. ამევე დროს უნდა მომხდარიყო ინფორმაციის ციფრული დიგიტალიზაცია და საქართველოს პარლამენტში შენახვა, შესაბამისი წესის დაცვით. ინფორმაცია იყო ორი სახის - იყო საჯარო ეთერისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, ასევე იყო დახურულ რეჟიმში მოქცეული ინფორმაცია. მაღალი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების გამოკითხვის შედეგად, როგორიც იყვნენ: - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო ორ რეჟიმში: - იყო როგორც ღია, ასევე დახურულ, საიდუმლო რეჟიმში. ორივე შემთხვევაში მოხდა ინფორმაციის თარგმნა, მოხდა დიგიტალიზაცია და შენახვა. საჯარო ინფორმაცია პირველი სამი წლის განმავლობაში ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იყო. როდესაც მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, ამის შემდეგ პარლამენტის დროებითი კომისიის ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდიდან გაქრა, ის არსად აღარ იძებნებოდა და არც ერთი ლინკი არ არსებობდა, რომ ოფიციალურ ინფორმაციაზე გადასულიყავი. წარმოუდენელი რამ არის ამხელა კომისიის მასალების გაქრობა, რაც საზოგადოებისთვის იყო საჯარო და ხელმისაწვდომი“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას საკუთარ დასკვნაში აქვს არაერთი რეკომენდაცია, რაც მთავარი პროკურატურისთვის შესასრულებლად სავალდებულო იყო. ლორთქიფანიძე იმასაც ამბობს, რომ კომისიის მასალების მიხედვით, არაერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება, მათ მიერ კომისიის კითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე.

“დასკვნაში იყო ორი მკაფიოდ გამოკვეთილი რეკომენდაცია. ერთი ეხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, მალხაზ აქიჟბაიას ქმედების შესწავლას და სამართლებრივი ანალიზის გაკეთებას, თუ როგორ მოხდა, რომ ამ პიროვნებამ კოდორის ხეობა დატოვა და შემდგომში სხვა მიმართულებით აპირებდა წასვლას. იკვეთებოდა ქვეყნის სავარაუდო დატოვების მიზანი. ამის სანაცვლოდ ორ წელიწადში მალხაზ აქიჟბაია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ ვიხილეთ, რაც ნონსენსია. კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს ეხებოდა. კეზერაშვილის ქმედების შეფასება ასევე სავალდებულო იყო პროკურატურისათვის, ვინაიდან უკანონოდ იქნა მიჩნეული თავდაცვის სამინისტროს ევაკუაცია. კომისიის მიერ გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებები, რაც უკავშირდებოდა რეზერვის მდგომარეობას, სტრატეგიული სასურსათო მარაგის არარსებობას, კავშირგაბმულობის სისტემის სრულ - 100%-იან მოშლას, რუსი ოკუპანტების მიერ სამხედრო ბაზების ხელში ჩაგდებას, როდესაც სენაკის სამხედრო ბაზა მტერს მთლიანად, გაუნადგურებლად, უვნებლად ჩაბარდა და მას აუარებელი სამხედრო ალაფი გადაეცა. ყველაფრის მიუხედვად, კეზერაშვილის მიმართ გამოძიება მთავარ პროკურატურაში არ დაწყებულა. სამაგაეროდ, ეს პიროვნება ძალიან მალე მილიარდელი ბიზნესმენი გახდა და მისი ექსტრადირება ვერც “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაციები, რაც ანალიზს მოითხოვს, თუ რატომ აღიმართა თავდაცვის ბოლო ზღუდე მცხეთაში, რატომ არ მოხდა გორის გამაგრება და რატომ მიეცა 35 ათასი ადამიანი მარადიორებს ხელში. კითხვებზე პასუხების მიღება გადის იმ ინფორმაციის ანალიზთან, რომელიც ჰქონდა კომისიას და რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში გადაიმალა, ხოლო ახალი ხელისფლებისგან ვერ ვიღებ პასუხს, სად გადამალა წინა რეჟიმმა აღნიშნული მასალები - ხომ არ არის ეს ერთი ხელწერა საერთო მიზნებიდან გამომდინარე?! კომისიაში ძალიან ბევრ უხერხულ კითხვას გასცეს პასუხი: სააკაშვილმა, ლომაიამ, გურგენიძემ, მერაბიშვილმა, კეზერაშვილმა, უგულავამ, გოგავამ, ბეჟუაშვილმა და ბევრმა სხვა საინტერესო თანამდებობის პირმა. ეს ყველაფერი ანალიზის საფუძველი უნდა გამხდარიყო“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს