კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ქრისტია ფრილენდი განცხადებას ავრცელებს. „რუსეთ-საქართველოს ტრაგიკული ომიდან 10 წელი შესრულდა, იძულებით გადაადგილებულია 100 ათასზე მეტი ქართველი, ათასობით ადამიანი კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობს. რუსეთის მხრიდან „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია არღვევს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული რეგიონებისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კვლავ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევებისა და დანაშაულის, მათ შორის გატაცების, გადაადგილების შეზღუდვისა და მკვლელობის მსხვერპლი.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებითა და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტა უზრუნველყოს. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ქართულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვება უზრუნველყოს.

კანადა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

კანადა ყოველთვის მკაფიოდ გმობდა რუსეთის მიუღებელ ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა პასუხი ვაგებინოთ რუსეთს მის ამაზრზენ და უკანონო ქმედებებზე.

კანადა მხარში უდგას საქართველოს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა