თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დ.გ.-ს, დ.მ.-ს, თ.ბ.-ს და კ.ბ,-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულ დ.გ-ს ბრალი ედება ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისთვის ,,ქურდული გარჩევის“ განხორცილების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით (ორი ეპიზოდი), ასევე ბრალი ედება ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისათვის, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
ამასთან დ.მ.-ს ბრალი ედება ქურდული სამყაროს წევრობისთვის. თ.ბ.-ს. ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ,,ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად პირზე გავლენის მოხდენის მიზნით. ხოლო, კ.ბ.-ს ბრალი ედება ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას.
„აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის ორგანიზებული დანაშაულის შესაძლო ჩადენაში. საქმის მასალების მიხედვით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები ბრალდებულების დ.გ.-ს, დ.მ.-ს, თ.ბ.-ს და კ.ბ,-ს მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გამოიყენა. სააქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 26 სექტემბერს 16:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.