გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ არამარტო ადვოკატებმა, არამედ საზოგადოების სრულმა სპექტრმა დაინახა, საქმეში როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს და “როგორი გამრუდებული მართლმსაჯულებით გაიარა საქმემ პროცესები გამოძიებით დაწყებული, უზენაესი სასამართლოთი დასრულებული, რომელსაც იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ საქმე წარმოებაში მიეღო“.

„აქედან გამომდინარე, ვის, თუ არა პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, ვინაიდან ჩვენ ყველა ძირითადი სამართლებრივი დარღვევები, რაც ამ საქმეშია, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავურთეთ გარკვეული შინაარსის დოკუმენტები, რომელიც აფიქრებინებს და დაარწმუნებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეალურად ეს საქმე არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი და გარკვეული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა”,-აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი ადვოკატებს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, თხოვნაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს პრეზიდენტმა და დეკანოზი არ შეიწყალოს.

„მე, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, იურისტს, რომელმაც ამ შუამდგომლობის შინაარსი კარგად იცის, ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პრეზიდენტმა სწორი რეაგირება არ მოახდინოს და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალოს. საქართველოს პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა გაუჭირდეს, ვინაიდან, თუ ამ საქმით დაინტერესებული და მიკერძოებული არ არის ადამიანი და არის ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, არავის არ ექნება პროტესტის გრძნობა, თუ რატომ შეიწყალა გიორგი მამალაძე, უფრო მეტი - მათ ამ საკითხზე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობა ექნებათ”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი ე.წ. ციანიდის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა