თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ტერიტორიები დაიკარგა და ხალხი დაიხოცა, ამაში მაშინდელი ხელისუფლების წვლილი დიდი იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში გაკეთებული მოწოდების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ უკეთესი იქნება ამას თუ თავად ბაქრაძე ახსნის.
„ალბათ, უკეთესი იქნება, თვითონ ბაქრაძემ ახსნას ეს განცხადება, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებდა კოვზებით და ჩანგლებით დახვედროდა მტერს.
ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, ის, რაც მოხდა 2008 წელს, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა უამრავი ადამიანი, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ჯარისკაცები - ჩვენი გმირი ბიჭები. ეს ყველაფერი რუსეთის აგრესიის შედეგად მოხდა და ასევე ხელისუფლების წვლილი არის ძალიან დიდი, რომ ვერ მოახერხეს, თავიდან აერიდებინათ ის, რაც მოხდა - დაკარგული ტერიტორიები, დახოცილი უამრავი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე და რა თქმა უნდა, ამაში მაშინდელი ხელისუფლების წვლილი ძალიან დიდი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების მიერ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ რუსეთის კულტურის მინისტრთან კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ გაგზავნილ წერილს ეხებოდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს ფაქტი სამარცხვინოა.
„მე როგორც ვიცი, ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა. თვითონ წერილს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებულ დეტალებს არ ვიცნობ, ფაქტი არის სამარცხვინო - ასე შეიძლება შევაფასოთ, რადგან ომიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც რუსეთის აგრესიის შედეგად ჩვენი ტერიტორიების ოკუაცია მოხდა და მაშინ აგზავნი ამ შინაარსისა და ამ ტიპის წერილს, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.