თამარ ხულორდავა ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შეხვდა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლზე ისაუბრა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების მიმართ. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს. თამარ ხულორდავამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, და ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

„ქართველი და გერმანელი სტუდენტების საერთო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებში მონაწილეობა ძალიან კარგი ინიციატივაა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ევროპულ ოჯახთან დაახლოების შესაძლებლობებს აძლევს. ეს ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნების მომავალია და აუცილებელია მათ შორის იყოს მყარი, პირდაპირი კავშირი. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო ჩემთვის ამ მოტივირებულ, დაინტერესებულ ჯგუფთან ურთიერთობა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტში სტუდენტების ვიზიტი გაცვლითი სემინარის - „თბილისი-ბერლინი“ მონაწილეებისთვის მოეწყო. 2-კვირიანი გაცვლითი სემინარი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საქართველოს უნივერსიტეტებსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროგრამა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ქსელის“ მხარდაჭერით ეწყობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს