აჭარის მთავრობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის მთავრობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად აჭარის სანაპირო ზოლში არსებულ მუნიციპალიტეტებში წყალდიდობებს და მეწყრული პროცესების გააქტიურებას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით უხვი ნალექი კი ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მოვიდა, რამაც რამდენიმე უბნის დატბორვა გამოიწვია.

უწყების ცნობით, დილიდან სტიქიასთან ბრძოლის შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მობილური ჯგუფები პატრულირებას ახორციელებს.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, გახსნილია მახინჯაურის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელზეც გადაადგილება დატბორვის გამო მცირე ხნით შეზღუდული იყო.

„ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ძირითადად დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები, რომელთა რეაბილიტაცია მიმდინარე პროცესშია. ხორციელდება სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, კონკრეტული ქუჩის მონაკვეთებში ასევე განხორციელდა ამოტუმბვითი სამუშაოები.

ყველაზე მეტი პრობლემა ძლიერმა წვიმებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუქმნა. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ შტაბის წევრებთან ერთად დატბორილი მოსახლეობა მოინახულა და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. ამ დროისათვის ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოქაჩვა მიმდინარეობს. დამეწყრილია სასოფლო გზები ჩაქვისთავისა და გორგაძეების მიმართულებით. ქობულეთის მერიაში ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე მოქმედებს: 599 79 18 91.

სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლთან მეწყერული პროცესები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მსგავსად, განვითარდა ხელვაჩაურშიც.

სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილია ტექნიკა. სოფელ მახინჯაურში მდინარის ადიდების შედეგად რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა;

მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასების გაწმენდით სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მუდმივმოქმედ რეჟიმში განაახორციელებს. ცხელი ხაზი მოქმედებს ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (ტელ: 0 800 – 10-01-06; 25-93 -17; 595 00 46 35; 577 74 00 01). მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სტაბილური ვითარებაა ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. შუქი არ მიეწოდება ქობულეთის რამდენიმე სოფელს. წყალი და ბუნებრივი აირის მიწოდება რეგიონის მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ყველა მუნიციპალიტეტის მერი უშუალოდაა ჩართული ტერიტორიების გაცნობისა და დაზარალებული ოჯახების დახმარების საქმეში. მიმდინარეობს სტიქიით დაზარალებულთა მონაცემების შეგროვება-დამუშავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო