საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, იმ ადგილებში, სადაც სტიქიამ სირთულეები შექმნა, მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ძირითადად, დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის და სააკაძის ქუჩები. აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ბათუმიდან შესულია 150 შეტყობინება.

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა 40-მდე საცხოვრებელი სახლი. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.

საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.

აჭარაში შუქი არ მიეწოდება დაბა ჩაქვში მე-7 რაიონსა და სახალვაშოს ნაწილს, ხალას, საჩინოს, დაბა ოჩხამურის, ჭახათის, სოფ.ქობულეთის, მუხაესტატეს, წყავროკას, ლეღვასა და ქაქუთის მოსახლეობას. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური, რომ დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.

სამეგრელო - ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში სულ შესულია 58 შეტყობინება. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულია მდინარეები, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები

სენაკში ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ტეხურამ სოფელ ლეძაძამესა და მარტვილის სოფელ გურძემის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი წაიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, საქართველოს არც ერთ რეგიონში არავინ დაშავებულა და წყლის დონე ეტაპობრივად იკლებს.