ხათუნა ლაგაზიძე - სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ შეიძლება გააკეთოს ის, რომ მეორე ტურში ვიხილოთ გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე

დღევანდელი წინასაარჩევნო სიტუაცია კვლავ ძველი ოპერიდანაა - ხელისუფლება კი არაა ძლიერი, არამედ - ოპოზიციაა სუსტი, - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ერთ მონუსხულ წრეზე ტრიალებს და არ სურს დაინახოს რადიკალური განახლების აუცილებლობა.

„როგორც - ტრაგიკომედიას: „ნაციონალების“ ხელისუფლებიდან წასვლის 6 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მივიღოთ რეალობა, როცა მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება „ნაცმოძრაობის“ თუ „ნაციონალებიდან“ გამოსული ორი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ შეიძლება გააკეთოს ის, რომ 2012 წლის შედეგ პირველად, „ნაციონალების“ რეინკარნაციის ანუ ხელისუფლებაში მობრუნების შიშმაც კი ვერ გამოიყვანოს „ანტინაცი“ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო ის ზღვარგადასული აგრესია, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ იღვრება სოციალურ ქსელებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების პოზიციები არც მთლად უიმედოა. პირიქით, მას კარგად შეუძლია ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ლოზუნგით - ვისაც არ გინდათ „ნაციონალური“ მეორე ტური - ხმა მიეცით ამა თუ იმ კანდიდატს ან ბოლო წუთს საკუთარი კანდიდატი შემოაგდოს და იმავე აუცილებლობით ახსნას - ორივე სცენარი გაცილებით უკეთესია, ვიდრე - დღეს არსებული სტატუს-კვო“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით, არანაკლებ დამაფიქრებელია უშუალოდ „ოცნებაში“ არსებული ნაპრალები, რომლის ამოვსება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამაც ვერ შეძლო.

„მართალია, ახლა „ოცნებაში“ მიმდინარეობს საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია - თუ რა ემართებათ ურჩებს, მაგრამ „ოცნების“ წაფორხილების შემთხვევაში - ის იმაზე სწრაფად დაიშლება, ვიდრე თავის დროზე შევარდნაძის გარემოცვა: თუ მაშინ ამაზე წლების მანძილზე მეთოდურად მუშაობდნენ „ნაციონალები“, ახლა ყველაფერი მზად არის „ოცნების“ ბრინჯივით დასაშლელად. მიზეზი გახლავთ ის, რომ გუნდი არ არის შეკრული საერთო იდეის და მიზნის გარშემო - ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლის დღიდან არ დასახა საერთო მიზანი, რისკენაც უნდა წავიდეს ქვეყანა. ერთადერთი, რაც ამ წლების მანძილზე „ქართულ ოცნებას“ საერთო ჰქონდა, ეს იყო ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ეს არ არის ის იდეა და მიზანი, რომელიც გუნდის ერთიანობას განაპირობებს, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება გარემო და სიტუაცია, რეიტინგები, საგარეო პარტნიორების მესიჯები და ა.შ. დღევანდელი წინასაარჩევნო სიტუაციაც, როგორც იტყვიან, კვლავ ძველი ოპერიდანაა: - ხელისუფლება კი არაა ძლიერი, არამედ - ოპოზიციაა სუსტი. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ერთ მონუსხულ წრეზე ტრიალებს და არ სურს დაინახოს რადიკალური განახლების აუცილებლობა. არადა, ბოლო სოციოლოგიური კვლევების მონაცემები, ფაქტობრივად, ყველა მათგანის განაჩენია - საზოგადოება მათ საჭიროებას ვეღარ ხედავს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო